საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის დეპუტატი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული სტატუსის გამო, რომელშიც, იურისტების შეფასებით, უდანაშაულობის პრეზუმციაა დარღვეული, ბოდიშის მოხდას არ აპირებს _ ამის შესახებ წილოსანმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა:
„ჩემი პოსტის ქვემოთ მითითებულია პროკურატურის ოფიციალური პოზიცია, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთე განცხადება. შესაბამისად, თუ ბოდიშის მოხდა სურთ, უმჯობესი იქნება პროკურატურას უჩივლონ“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას წილოსანმა.
_ ქალბატონო ნინო, თქვენ დაწერეთ, რომ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“, შენაძენი ჰქონდა 843 აბი სუბოტექსი. ეს მას შემდეგ გააკეთეთ, რაც ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც გარკვევით წერია, რომ გიორგანაშვილს 8 წელი მიესაჯა 45 აბის შეძენა-შენახვისთვის…
_ უპირველეს ყოვლისა, არ ვიცი რა თემასთან დაკავშირებით ითხოვენ ბოდიშის მოხდას, რადგან პოსტში ბევრი ფაქტი იყო მოყვანილი. თუმცა, ზოგადად, რაზე დაყრდნობითაც დავწერე ეს პოსტი, იყო პროკურატურის ოფიციალური ინფორმაცია…
_ თქვენთვის პროკურატურის ინფორმაცია უფრო სანდოა თუ სასამართლოსი, სადაც არ დაუმტკიცებიათ, რომ „ბახალამ“ ნარკოტიკული საშუალება რეანომობილის მძღოლს გამოატანა და რის შესახებაც თქვენ მტკიცებით ფორმაში წერთ…
_ ეს პროკურატურის ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებულია. როგორც სასამართლო, ასევე, ოფიციალური წყარო არის პროკურატურა.
_ თქვენთვის სასამართლოზე მეტად სანდოა პროკურატურა?
_ ორივეს თავისი სანდოობის მაღალი ხარისხი აქვს და ორივე არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას მისი პასუხიმგებლობის ფარგლებში.
_ პროკურატურა თქვენი ოჯახის კომპანიას, სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება… ვიცით, რომ ამ საქმეს დღემდე იხილავს სასამართლო და დავიჯეროთ პროკურატურის პოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე?
_ სასამარლოს გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი.
_ რომ არ არის და როცა თქვენ პროკურატურის განცხადების საფუძველზე მტკიცებით ფორმაში წერთ პოსტს, იმიტომაც გეკითხებით… დავიჯეროთ, რომ თქვენი ოჯახის კომპანიამ სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონი ლარი მიითვისა?
_ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო გიორგანაშვილის საქმეზე, როცა პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა.
_ პროკურატურამ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ ცალკე მიმდინარეობს გამოძიება… რეანიმობილის მძღოლის, ხულორდავას საქმე ცალკე წარმოებაშია და გიორგანაშვილის _ ცალკე.
_ ჰო, მაგრამ საქმის კურსში არა ვარ, კონკრეტულად რომელ ნაწილზე ითხოვენ ბოდიშის მოხდას. შესაბამისად, ვერ გაგცემთ ამაზე უფრო ზუსტ პასუხს, _ აღნიშნა ნინო წილოსანმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ რომ, ნინო წილოსანი გიორგი გიორგანაშვილისთვის (ბახალა) ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის 8-წლიანი სასჯელის შეფარდებას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია, რატომ მიუსაჯეს მინიმალური სასჯელი:
„საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული.
თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას…
გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჭრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი… თუ 45 აბუ ( 400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ…
მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა _ წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს , მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!
P.S და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს რასაც ნარკოგამსაღებელი ქვია …“ _ დაწერა წილოსანმა, რასაც გამოხმაურებები მოჰყვა.
დეპუტატის პოსტს პოსტით უპასუხა გიორგანაშვილის მეუღლემ ანი ჩადუნელმა და წილოსანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა:
„ქალბატონ ნინო წილოსანს მივმართავთ და მოვუწოდებთ, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საქმის დეტალების მიზანმიმართულად დამახინჯებისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ, რომ სარჩელს ცილისწამებისთვის სასამართლოში შევიტანთ.
ეს ეხება ყველა სხვა პირსაც, რომლებიც „ბახალას“ საქმესთან მიმართებაში ღირსების შემლახავ სიცრუეს ავრცელებენ!”, _ წერს ანი ჩადუნელი.
ამ ფაქტს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი, „ბახალას“ ადვოკატის, გიორგი მახარაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯაბა ხულორდავას საქმე (843 აბი სუბოტექსი) „ბახალას” საქმესთან კავშირში არაა.
ადვოკატის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.
ამავე თემაზე: მინიმალური რატომ მიუსაჯეს” _ დეპუტატ წილოსანის კომენტარი “ბახალას” განაჩენზე და დაპირისპირება ფეისბუქში
დეპუტატ წილოსანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვენ
7 ბინა, 13 კომპანია _ დეპუტატ წილოსანის ქონება და შემოსავლები