ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ მოსახლეობის ქმედებით შეწუხებულმა სს „საქართველოს რკინიგზამ“ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელმძღვანელობას მიმართა.
როგორც ირკვევა, საჯავახო-ნიგოითის სარკინიგზო მონაკვეთზე მოსახლეობის მხრიდან ინტენსიურად ხდება ლიანდაგისა და ლიანდაგისპირა ტერიტორიების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენებით, რის გამოც ანტისანიტარიული მდგომარეობაა შექმნილი.
„სს “საქართველოს რკინიგზამ” თავისი ძალებით რამდენჯერმა დაასუფთავა აღნიშნული ტერიტორია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის შესაცვლელად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის მხრიდან მსგავსი ქმედება არა მარტო ინფექციების გავრცელების წინაპირობაა, არამედ ხელს უშლის რკინიგზაზე დასაქმებულ, კონკრეტულად კი, ლიანდაგში მომუშავე პერსონალს და ამასთან, არაესთეტიკურადაც გამოიყურება“, _ ნათქვამია- მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში და აქვე მოსახლეობის მიმართ გაფრთხილებაცაა, რომ აღნიშნული ტერიტორიის დანაგვიანების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სანქციები.