“ჯერჯერობით პოზიციები შეჯერებული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას, თუმცა ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები და ძალიან მალე უნდა დაიწყოს იმ კანონპროექტის საბოლოოდ განხილვა და უნდა მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია პოზიციების შეჯერება და სიღრმისეული არგუმენტების წარმოდგენა იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოხდეს კანონპროექტის მიღება და საზოგადოებაში ამ საკითხთან არსებული დისკუსიის წარმატებით დასრულება.
„ჩვენ ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც წარიმართება საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მთავარია პოზიციების შეჯერება. დღემდე არის განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამიტომ, აქაც ზუსტად იგივე სირთულე გვაქვს, რაც გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები.
მე ერთხელ უკვე განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები მე პირადად არ მომისმენია ერთი ან მეორე მხრიდან, რასაც მოყვა გარკვეული კრიტიკაც. თუმცა, დღესაც შემიძლია ზუსტად იგივე გავიმეორო, არც ერთი და არც მეორე მხრიდან, ანუ ვგულისხმობ მე უფრო ლიბერალური მიდგომის მომხრეებს და ნაკლებად ლიბერალური მიდგომის მომხრეებს, სიღრმისეული არგუმენტები ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია. არის გარკვეული ზედაპირული დისკუსიები ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, გვჭირდება მეტი სიღრმე და ასეთ შემთხვევაში, უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.