“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი – მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუნა“ და კიდევ სამი პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული, _ აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯგუფის სამმა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, „ქურდული გარჩევის“ გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ.
“გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომლებსაც ბრალდებულებმა იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 1 დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 გლუვლულიანი თოფი, „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი თოფი, „კარაბინის“ ტიპის თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან – „კაკო ტბილისკისთან“, „ლავასოღლისთან, „ტოტორინისთან“, „ენცოსთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
დაკავებულებიდან 3 პირს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს – ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა, ხოლო დაჯგუფების დანარჩენ ორ წევრს – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიური ღონისძიებების განხორციელებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.