ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, 67 წლის დურმიშხან სოსელიას სახლში, რომელსაც თითონ “სადგომს” უწოდებს, ადამიანის საცხოვრებელ გარემოსთან მართლაც არაფერი აქვს საერთო _ ერთოთახიან სახლში, თუ შეიძლება ამ სივრცეს ოთახი ეწოდოს, ტიხარს იქეთ, ძროხა აბია, რაც მისი ერთადერთი სიმდიდრეა. აქეთ კი, უფანჯრო, ჭერჩამონგრეულ და სახურავმორყეულ ოთახში, პატარა გაზის ბალონი დგას. მაგიდაზე რამდენიმე თეფში, ჭიქა და ორიოდე ქვაბი დევს…
_ 21-ე საუკუნეში, პირუტყვთან ერთად, სადგომში ვცხოვრობ. ჩემი სამყოფი ყველაფერი მქონდა, 1987 წლიდან კი ასეთ დღეში ვარ _ მაშინ მიწისძვრამ სამოთახიანი სახლი დამინგრია. შუაში გადარჩა ერთი ოთახი, კედლებდაბზარული. მას შემდეგ დავდივარ და ყველა მთავრობას დახმარებას ვთხოვ.
მათხოვარი არ ვარ. კომუნისტური მმართველობის დროს სამ განაკვეთზე ვმუშაობდი: ფერმაში მწველავი ვიყავი და ორგან _ დარაჯი. მერე დაინგრა ქვეყანა, მიწისძვრამაც ზედ დამიმატა გასაჭირი და დღემდე ასე გაწვალებული დავეხეტები. ძალიან ბევრ ადამიანს მოვხმარებივარ და ახლაც არავის ვეუბნები უარს. ხან ფულსაც მაძლევენ, მარა ისე არ ვარ წამხდარი, მეზობელს სულ ფული მოვთხოვო დახმარებაში, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვიამბობს დურმიშხან სოსელია.
მისი მონათხრობის მიხედვით, 31 წლის წინ, მიწისძვრით დანგრეული სახლი, დღემდე იშლება და, ფაქტობრივად, ამ ნანგრევების შუაში შეკოწიწებულ სადგომში, პირუტყვისთვისაც კი გაუსაძლისი გარემოა. როგორც მიწისძვრით დაზარალებულმა, დახმარება ვერასდროს ვერ მიიღო. სამი წლის წინ კი, როგორც თვითონ ამბობს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მისცა შიფერი და ხის მასალა. ასევე, შეპირდნენ 600 ცალი სამშენებლო ბლოკით და ოთხი ტონა ცემენტით დახმარებას, რომელიც საკუთარი ძალებით უნდა აეტანა სოფელში კონკრეტული მაღაზიიდან, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. შემდეგ კი აღარ მისცეს.
_ მადლობელი კი ვარ, დამეხმარნენ. სოფელ სილაურის გამგებელი ზურაბ ტუღუში ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ის მეხმარებოდა, მაგრამ არ დასცალდა. მერე ჩემი კუთვნილი ცემენტი და საშენი ბლოკი ვიღაცამ წაიღო, წამართვეს, _ ამბობს ის. თუმცა, ვერ აკონკრეტებს, ვინ და როდის წაიღო აღნიშნული სამშენებლო მასალა.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა მასალის დროულად წაღება სახლში, გვპასუხობს: “ყველას სახლში მიუტანეს სახელმწიფოსგან მიერ გამოყოფილი მასალა, მარტო მე დამტოვეს შუა გზაზე. რა მოხდებოდა, ბარემ ესეც მოეტანათ?! რომ შემძლებოდა, ჩემი თავის მტერი ხომ არ ვიყავი, ნაჩუქრისთვის ზურგი მექცია?! _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.
დურმიშხან სოსელიამ გვაჩვენა მეზობლის ეზოში დაწყობილი და საგანგებოდ დახურული შიფერი და ხის მასალა:
“ამით იმის თქმა მსურს, ამბობენ, დაკარგავდა ან ვინმეს მისცემდა საჩუქრად გადაცემულსო. თუ ასე სულელი ვარ, ესენი რატომ შევინახე?! მეზობლის მრცხვენია, ამდენი ხანი მის ეზოში რომ აწყვია და ვაწუხებ. ცემენტი და ბლოკი რომ მოეცათ, ამდენ ხანს მე თვითონ ავაშენებდი _ ყველანაირი ხელობა ვიცი”, _ ამბობს ის.
მეზობლები ადასტურებენ, რომ დურმიშხან სოსელიას მართლაც გამოუყვეს ცემენტი და საშენი ბლოკი, თუმცა, დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია ამ მასალას:
“კარგი იქნებოდა, რახან მისცეს, ბარემ ამოეტანათ სახლში და ამდენ ხანს არ გაიწელებოდა ეს ამბავი. საცოდავად დადის და ცას და ქვეყანას დახმარებას სთხოვს, თუმცა, ამ საქმეს დასასრული არ უჩანს”, _ ამბობენ ისინი.
თვითონ დურმიშხან სოსელია მიიჩნევს, რომ მას “ბეჩავად” და “საცოდავად” უყურებენ და მისი გაჭირვების გამო თავს არავინ იწუხებს.
ჩვენი რესპონდენტის კარმიდამო ატალახებული, ქვა-ღორღით და ნანგრევებითაა სავსე, ოდესღაც არსებულ ჭაში წყალი დამყაყებულია, სახლის გვერდზე და წინ, ტალახში ყრია ხის მორები, რომელიც, სავარაუდოდ, დამპალია. როგორც თვითონ ამბობს, “საუკეთესო “ლესტვენიცა” ტალახსა და ჭაობში ჩალპა:
“არადა, დახერხვას და ორი ოთახის “გაწყობას” მაინც ამით ვგეგმავდი, მაგრამ ბოლომდე არავინ დამეხმარა, რომ ჩემი ჭერი მქონოდა”.
უჭეროა ოთახი, თუ არ ჩავთვლით ცალმხრივად ჩამოკიდულ ხის ფანერს, რომელიც, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეს. შეუმინავ ჩარჩოებზე ლითონის ფირფიტებია აკრული. იატაკიც მიწისაა ამ “სადგომში” და ერთ კუთხეში თივის გროვები, მეორეში კი ათასგვარი ხარახურა ყრია. სოსელიას ერთადერთი საწოლი რკინისაა და ისიც წაქცევის პირასაა. ქოხთან ახლოს მდგარი გადაფერდებული ბოძიდან გამოყვანილი ელექტროსადენი საფრთხის შემცველია. როგორ თვითონ ამბობს, ნათურის შემობრუნება-მობრუნებით ახერხებს შუქის ანთებას და ჩაქრობას.
“გურია ნიუსი” ესაუბრა სოფელ სილაურის მაჟორიტარ დეპუტატს ოზურგეთის საკრებულოში, გოჩა კილაძეს _ მან დაგვიდასტურა, რომ დურმიშხან სოსელიას მდგომარეობის შესახებ კარგად იცის და იმთავიდანვე საქმის კურსშია.
_ დურმიშხან სოსელიას სრულად გამოუყვეს როგორც ხის, ასევე, ცემენტის საშენი მასალა და სახურავი. როგორც მახსოვს, ცემენტი და ბლოკი უნდა წაეღო ერთ-ერთი მაღაზიიდან, თუმცა, ვერ მოახერხა. ტყუილად იძახის, რომ დაეკარგა და წაართვეს. არაფერიც არ დაკარგვია. ამ საქმის შესახებ კარგად იცოდა სოფლის მაშინდელმა გამგებელმა, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ცოტათი ამ გარემოებამაც შეაფერხა მაშინ ეს ამბავი, თუმცა, დურმიშხან სოსელია ამ გარემოებას მიზეზად ვერ გამოიყენებს. ადრე ასეთი შემთხვევაც იყო _ მისცეს დახმარება და მერე ვიღაცას აჩუქა, თავად კი არ გამოიყენა. ასევე, ვიცი, რომ მას გასული წლის შემოდგომაზე ამის შესახებ სრულყოფილი პასუხი გასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
_ ბატონო გოჩა, დურმიშხან სოსელია ამბობს, რომ ბოლომდე არავინ დაეხმარა და ყოველთვის შუაგზაზე მიატოვეს…
_ მე ყველანაირად დავეხმარები. არც არასდროს მითქვამს უარი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ ყველაფერს და მასაც შევხვდები, _ გვითხრა კილაძემ.
სოსელიას დასახმარებლად მზად არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურშიც, სადაც ჯერ რეორგანიზაცია არ დამთავრებულა და მხოლოდ მცირე დროით ვერ ხერხდება მისთვის სრული პასუხის გაცემა.
დურმიშხან სოსელიას ხელზე აქვს საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში გაგზავნილი წერილის პასუხიც, რომელშიც მას წერენ, რომ მისი საქმე განსახილველად ისევ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუბრუნდა.
თავის მხრივ, “გურია ნიუსი” დურმიშხან სოსელიას დაეხმარება, რომ მან კიდევ ერთხელ მიმართოს განცხადებით მუნიციპალიტეტის მერიას და თვალს მიადევნებს მოხუცისადმი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მიღების პროცესს.