საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსოფლოს მოწინავე კვლევის ცენტრის შეფასების თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კუთხით ევროპის ქვეყნების ოცეულში შევიდა. ოხანაშვილის თქმით, ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
“მე მინდა შევეხო მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ცენტრის მემკვიდრეობის ფონდის შეფასებას სასამართლო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. კოლეგებს მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ფონდი ზოგადად აწარმოებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევას, თუმცა, როცა საუბარია ეკონომიკური თავისუფლებს ინდექსის კვლევაზე, ეს ეფუძნება მნიშვნელოვან წილად სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შეფასებას.
აღნიშნული მოწინავე ცენტრის შეფასების თანახმად, საქართველოს სასამართლოების სისტემა შეფასდა ეფექტიანობის კუთხით და ჩვენმა სასამართლო სისტემამ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაიკავა ადგილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. კერძოდ, ჩვენი ქვეყანა სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კუთხით არის მეთვრამეტე ადგილზე და პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში. ეს ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს იმ მემკვიდრეობის ფონზე, რა მემკვიდრეობაც ხვდა ამ სასამართლო სისტემას ბოლო 26 წლის განმავლობაში და შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია სასამართლო სისტემას ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტიანი სასამართლო სისტემა”, _ თქვა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ წუთხებში პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.