“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში სიღარიბე ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
“სიღარიბე არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ეს დარბაზი იმისთვისაა, რომ ვისაუბროთ ადამიანებისთვის მტკივნეულ თემებზე და კანონებსაც იმიტომ ვიღებთ, რომ ამ კანონების ცენტრში დგას ადამიანი, ცოცხალი ადამიანი. ფეხზე რომ ვდგავართ, ჰიმნს რომ ვუსმენთ და ვმღერივართ გულში _ ჩემი ხატია სამშობლოო, სამშობლო მარტო მთები და გორები კი არ არის, სამშობლო ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც დღეს სულს ღაფავენ ამ ქვეყანაში და უკვე ტელევიზიით ეუბნებიან ხელისუფლებას, გვშიაო.
მე თქვენ გეკითხებით დღეს _ როცა დამთავრდება ჩვენი საპარლამენტო ვადა და სახლში რომ მივალთ, ჩვენ შვილებს რას ვეტყვით _ ოთხი წლის მანძილზე ვისხედით პარლამენტში და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ერიო? ამას ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ!
და მთავარი რაც მინდა ვთქვა _ ნუ დავხუჭავთ თვალს სიღარიბეზე და შიმშილზე. ამ ქვეყანაში ათობით და ათასობით ბავშვი შიმშილობს!” _ თქვა ინაშვილმა.





































































