სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზე ჩატარდება.
საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე განიხილავს.
ბრალდების მხარე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარის განცხადებით, კი, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”.
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






























































