ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებისთვის სამგზავრო ტრანსპორტისა და მძღოლის დაქირავების მომსახურებაზე ელექტრონული ტენდერი უაუქციონოდ (NAT260016851) ჩაატარა _ 10 000-ლარიანი შესყიდვის გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე “დავით სიხარულიძე” გახდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს მოეთხოვებოდა ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების მიწოდების მინიმუმ 20 000 ლარის გამოცდილება. ამასთან, ტრანსპორტირება უნდა გახორციელდეს არანაკლებ 20-ადგილიანი მიკროავტობუსით, რომელიც გამოშვებულია 2010 წლის შემდეგ და გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება.
სატენდერო კომისიის წევრებმა (მათ შორის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ გოგიბერიძემ) ხელწერილებით დაადასტურეს, რომ პრეტენდენტთან ინტერესთა კონფლიქტი არ აკავშირებთ.
სატენდერო კომისიამ ი.მ. “დავით სიხარულიძის” მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულყოფილად მიიჩნია.
სატენდერო დოკუმენტაციისთვის თანდართული ფასების ცხრილის თანახმად, ტრანსპორტის დაქირავება შემდეგ მიმართულებებზე სამგზავროდ გახდა საჭირო:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ სისტემაში გამოქვეყნებული ხელშეკრულების დანართი აჩვენებს, თუ რა კონკრეტულ თანხებს უხდის მუნიციპალიტეტი ი. მ. “დავით სიხარულიძეს”.
მაგალითისთვის, გთავაზობთ 10 000-ლარიანი შესყიდვის ფასების ცხრილს:
ჩოხატაურიდან თბილისის მიმართულებით ერთი ბრუნვის (წასვლა-წამოსვლა) ღირებულება 780 ლარს შეადგენს (სულ გათვალისწინებულია 5 მგზავრობა _ 3 900 ლარი);
ბახმაროს მიმართულებით ერთი რეისი 300 ლარი ღირს (6 მგზავრობა _ 1 800 ლარი);
ბათუმის მიმართულებით _ 400 ლარი (3 მგზავრობა _ 1 200 ლარი);
ქუთაისის მიმართულებით _ 350 ლარი (3 მგზავრობა _ 1 050 ლარი);
ბორჯომის მიმართულებით 1 მგზავრობა 650 ლარადაა შეფასებული;
ხოლო მეზობელ ოზურგეთში წასვლა-წამოსვლა 180 ლარი, ლანჩხუთსა და ურეკში კი 250-250 ლარი ჯდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად მომსახურების მოწოდების შესაბამისად.
“გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა იმის გასარკვევად, თუ სად და ვისი გადაყვანა იგეგმება აღნიშნულ მიმართულებებზე.
მერიის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ პასუხში წერია:
“აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განპირობებულია მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილე პირთა უსაფრთხო და ორგანიზებული გადაადგილების უზრუნველყოფის საჭიროებით.
კერძოდ, მომსახურება დაგეგმილია სხვადასხვა ფესტივალზე, კულტურულ, სასწავლო-შემეცნებით, სპორტულ, ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად”.
ცნობისთვის, ხელშეკრულება ი/მ დავით სიხარულიძესთან მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გაფორმდა და ძალაში 2027 წლის 31 იანვრამდეა.
ტენდერების მონიტორზე განთავსებული ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე “დავით სიხარულიძე” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2012 წლიდან ფიგურირებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და პლატფორმა tendermonitor.ge-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2012 წლიდან 2026 წლის ჩათვლით ი.მ. “დავით სიხარულიძესთან” გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 604 493 ლარს შეადგენს.
ოფიციალური რეესტრის ჩანაწერებიდან ირკვევა შეკვეთების განაწილება წლების მიხედვით:
2022–2026 წლები: ოფიციალური დოკუმენტებით, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტი (NAT250024311) 2025 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა, რომლის ღირებულება 169 903 ლარია. ამავე პერიოდში გაფორმებულია 55 000-ლარიანი (2022 წ.), 50 000-ლარიანი (2022 წ.), 40 000-ლარიანი (2025 წ.) და 30 000-ლარიანი (2024 წ.) ხელშეკრულებები. 2022–2026 წლებში ჯამში გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 376 433 ლარს შეადგენს.
2018–2022 წლები: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირებულია 10 შესყიდვა, მათ შორის 50 000-ლარიანი (2022 წ.), 30 000 და 20 000-ლარიანი (2021 წ.) და 25 000-ლარიანი (2020 წ.) ხელშეკრულებები. ჯამურმა თანხამ 166 110 ლარი შეადგინა.
2012–2018 წლები: საჯარო რეესტრის მონაცემებით, თანამშრომლობა 2012 წლის 10 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით (SPA120019124) დაიწყო, რომლის ღირებულება 3 950 ლარი იყო. 2012–2018 წლებში სულ გაფორმდა 11 ხელშეკრულება, საერთო თანხით 61 950 ლარი.
შემსყიდველ ორგანიზაციებად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის გარდა, ფიქსირდებიან ააიპ “საფეხბურთო კლუბი ბახმარო”, ააიპ “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ერთ შემთხვევაში ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი.
შესყიდვების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა აღნიშნული ტენდერების უმრავლესობას ანიჭებს “რისკის მაჩვენებელს” (წითელი ინდიკატორი). სისტემური ალგორითმი ამ კატეგორიას იყენებს იმ შემთხვევებში, როდესაც პროცესში ფიქსირდება დაბალი კონკურენცია ან ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს.
ავტორი




























































