თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, მაშინ ის რუსეთის სამიზნედ იქცევა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ლიეტუვაში ბირთვული იარაღი განთავსდება, მაშინ „ცხადია, რომ ეს იარაღი რუსეთისკენ იქნება მიმართული და არა დასავლეთისკენ“.
„თუ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განთავსდება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მომართული, მაშინ ამ ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტი გეგმავს, რომ 2027 წლის დასაწყისში კონსტიტუციიდან 137-ე მუხლის ამოღების საკითხი განიხილოს, რომელიც ლიეტუვის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავს. ლიეტუვის სეიმის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინიციატივას მხარი ოთხშაბათს დაუჭირა.
































































