9 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც “ბათუმელების” რედაქტორის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ისაუბრა. პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ მზია ამაღლობელმა განცხადება გაავრცელა.
„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიშ პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.
ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.
ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემ ჩატოვებას.
ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენს ხელშია.
მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.
თქვენც დაელოდეთ, ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებულ რეპრესიულ, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“. _ დაწერა მზია ამაღლობელმა.
ინფორმაციისთვის, „აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო“ – თქვა პაპუაშვილმა.





























































