როგორ ტრიალებს დიდი ფული კარიერებში, რა კორუფციულ სქემაზეა საუბარი, როგორ ეწევიან კომპანიები ინერტული მასალების მოპოვებას უკანონოდ, რა გზით არიან ჩართულები ამ ყველაფერში ე. წ. “კაი ბიჭები“, როგორ ითხოვენ წილებს და “ატკატებს“ საგზაო მშენებლობაზე და დგანან თუ არა ამ ბიზნესის უკან სახელისუფლებლო სტრუქტურის წარმომადგენლები ან ბიზნესმენები? ეს კითხვები საზოგადოებაში რამდენიმე დღეა ისმის და მაღალი ინტერესს იწვევს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალის გატანა მას შემდეგ შეჩერდა, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება ოზურგეთში არსებული კარიერების შესახებ ინფორმაციებს სწავლობს.
“უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 192-ე მუხლის პირველი ნაწილით; წიაღისეულით უკანონო სარგებლობა 299-ე მუხლის პირველი ნაწილით; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და ქრთამის აღება 338-ე მუხლის პირველი ნაწილით”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რომ საგანგაშო ვითარებაა ინერტული მასალების მოპოვების სფეროში, ამის შესახებ მოსახლეობაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კარიერებიდან დიდი ოდენობით ინერტული მასალის უკონტროლოდ გადის, კარიერები კი ბარბაროსულად მუშავდება და მისი არასწორი და უკანონო გზით ექსპლოატაციის გამო, უმეტეს სოფლებში სახიფათო მდგომარეობა აქვს შექმნილი.
მოსახლეობა ამბობს, სახელმწიფომ, როგორც იქნა, ყურადღება მიაქცია კარიერების თემას, რადგან, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში ტრიალებს. თუმცა, მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საქმეში ხელს ყველაზე პატარა ჩინოვნიკს „შეახოცავენ“.
“გურია ნიუსთან“ კორუფციულ სქემაზე ის პირები საუბრობენ, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პროცესებთან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კარიერი აქვს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას შპს “ვავილონს“, რომლის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
როგორც უკვე ვწერდით, სუს-ის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი სწრაფი რეგაგირების სამსახურის უფროსის, გურამ ასათიანის ოთახიდან ამოიღეს ყველა კომპიუტერული ჩანაწერი და ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რაც კომპანია “ვავილონთანაა“ კავშირში.
როგორც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს “ვავილონი“ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევა: მერქნით და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა, გადაზიდვის მომსახურება და ასევე, აქვს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები. აღნიშნული შპს-ს იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #53, ეკონომიკურ საქმიანობას კი, ასევე, ბათუმში, კლდიაშვილის #20/22 ეწევა.
სოფელ მერიაში კარიერი აქვს, ასევე, ბიზნესმენ გიგა მახარაძესაც, რომელიც კომპანია “გიმას“ მფლობელია. აღსანიშნავია, რომ “ვავილონს“ ინერტული მასალა გიგა მახარაძის ლიცენზირებული კარიერიდან გაჰქონდა, მასთან დასაქმებული მძღოლები კი ჩინურ კომპანიას ამარაგებდნენ და “ვავილონის“ საბუთით სარგებლობდნენ.
“გურია ნიუსთან“ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს გიგა მახარაძე:
_ დიახ, ვფლობ კარიერს, მაქვს კომპანია “გიმა“
_ ბატონო გიგა, როგორც ვიცით, თქვენი კარიერიდან ქვიშა-ხრეშს “ვავილონი“ იღებს და გააქვს.
_ კი… შეიძლება.
_ რატომ ბატონო გიგა, ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია ხომ მასაც აქვს და კარიერებიც?
_ კი, გასაგებია. უბრალოდ ჩემი კარიერი უფრო ახლოს იყო გზასთან, ის შორს არის და ამიტომ სარგებლობდა. რა არის ამაში პრობლემა? ტრანსპორტირებასაც თავად უზრუნველყოფდნენ და, ალბათ, სარგებელიც ჰქონდათ.
_ ბატონო გიგა, როცა რამდენიმე დღის წინ, კარიერზე დასაქმებული მძიმე წონიანი მანქანების მძღოლები გაიფიცნენ უგზოობის გამო. ისინი თქვენ კომპანიაში მუშაობენ?
_ გაიფიცნენ _ რა პრობლემაა? არა, ჩემები არ იყვნენ. უბრალოდ, სხვა სარგებლობდა ჩემი კარიერით და, მგონი, იმათი მძღოლები იყვნენ. მე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ.
_ ანუ “ვავილონის“ მძღოლები იყვნენ?
_ შეიძლება.
_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თქვენს კომპანიასთან შეხება აქვთ და “ატკატებს“ ითხოვენ ე.წ. “კაი ბიჭები“ _ ქალაქში მცხოვრები ა.ჭ., სოფელ გურიანთაში მცხოვრები კ. ქ. და ყოფილი პოლიციელი გ. მ. რა ფულად გარიგებაზეა მათთან საუბარი?
_ კ. ქ.-სთან ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობ. ა.ჭ _? არა არა.. დანარჩენებზე ვერ გეტყვით, _ გვითხრა გიგა მახარაძემ და “ვავილონის“ საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა.
ლიცენზირებული კარიერებით რომ სხვა კომპანიები სარგებლობენ, ცხადია, რადგან “ვავილონს “, ჩვენი ინფორმაციით, ლიცენზიას ვადა უკვე გასული აქვს. სწორედ ამიტომ ხდება სხვა ტერიტორიებზე გადასვლა, მდინარის კალაპოტის შეცვლა, მოსახლეობის საყანე ფართობებში შეჭრა.
ჩვენი წყაროს თქმით, მდინარის მიერ წართმეულ საყანე ფართობებს ე. წ. “კაი ბიჭები“ საკმაოდ იაფად ყიდულობენ და შემდეგ ინერტული მასალის მომპოვებელ ფირმებზე ყიდიან. შემდეგ კი, ფინანსური გარიგებებს დებენ და ამ ფირმების ლიცენზიით სარგებლობენ. წყაროს თქმით, ამ ყველაფრის უკან, დღემდე იყო მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი ოზურგეთელი და ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლებიც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან.
ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ერთ-ერთ ბიზნესმენთან დაახლოებულმა პირმა კ. გ.-მ ერთი თვის წინ გაყიდა კარიერი, რომელიც ოზურგეთელ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ძმებმა იყიდეს.
ჩვენი წყარო კარიერების წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელს შორის არსებულ კიდევ ერთ შესაძლო კორუფციული გარიგებაზე საუბრობს _ აღნიშნული სამსახური ოზურგეთში არსებული კარიერების საზღვრებს ყოველ დღე ამოწმებს. ჩვენი წყაროს თქმით, შემოწმების დროს რეკავენ კარიერებზე და ტექნიკაც აღნიშნულ სამსახურის საზღვრებში ხვდება, მეპატრონემ იცის, რომ შეამოწმებენ და შესაბამის ზომებს იღებს. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგენენ შესაბამის აქტებს და ახდენენ დასურათებას. როგორც კი ისინი დატოვებენ ტერიტორიებს, იწყება საზღვრებს გარეთ ქვიშა-ხრეშის მოპოვება და ეს ყოველდღიურად ხდება.
“გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ სოფელ მერიაში მძიმეწონიანი მანქანების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით წერდა. ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნული ფაქტიც “ვავილონს“ უკავშირება. მძღოლები აპროტესტებდნენ დაბა ლაითურიდან ხრეშის გატანას და მოითხოვდნენ ცენტრალური გზით სარგებლობას, რადგან, მათი თქმით, ლაითურში გზა ისეა დაზიანებული, რომ იქ გავლა შეუძლებელია.
ოზურგეთის მერიის ოფიციალური გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გაფიცულ მძღოლებს შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გოჩა აბაშმაძესთან და სამშენებლო კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორთან, თემურ ჯახვასთან ერთად. ისინი შეპირდნენ მძღოლებს, რომ მოხდებოდა აღნიშნული გზის მოხრეშვა-დაგრეიდერება.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მძიმეწონიანი მანქანების მძღოლებს ურეკავენ ე. წ. „კაი ბიჭები“ და სთავაზობენ გარიგებას _ როცა გზა მოიხრეშება, მას პატრონობა სჭირდება. ჩვენ პასუხისმგებელი ვიქნებით, აქ რომ გაგატაროთ, ამიტომ უნდა მომცეთ ყველა რეისზე 1 კუბური მეტრი ხრეშიო. ამ გარიგებას ზოგი მძღოლი თანხმდება, ზოგი კი _ არა.
ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნულ გზაზე დღეში, მინიმუმ, 50 მანქანა დადის, თითოეული მათგანი კი ზამთრის პერიოდში, დღეში 4 რეისს აკეთებს. არითმეტიკული გათვლებით, ზემოთ აღნიშნული გარიგების შემთხვევაში, თვეში, მინიმუმ 50 ათასი ლარი ერგება ე. წ. „კაი ბიჭებს“, რომლებსაც თანხა ანგარიშზე კომპანიამ უნდა ჩაურიცხოს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წილს გ. ს. ითხოვს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორ რეზონანსულ მკვლელობაში ფიგურირებს, ხოლო მას ზურგს გუბერნიის თანამშრომელი, აპარატის უფროსი სპეციალისტი ნესტორ რამიშვილი დგას
წყაროს ეს ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ნესტორ რამიშვილთან გადაამოწმა, რომელმაც გ. ს.-სთან ახლო მეგობრობა დაადასტურა:
_ კი, ვიცი, გზა რომ კეთდება და მაგას რა ჯობს? არ შეიძლება, ცენტრალური გზით იარონ ამ მანქანებმა _ საკურორტო სეზონი მოდის. გ.ს. ჩემი მეგობარია, თუმცა, მაგ საქმეში არც ის და არც მე არანაირ კავშირში არ ვართ _ ტყუილია ეგ ინფორმაცია, _ გვითხრა რამიშვილმა და გაგვიმარტა, რომ გ. ს.-სთან დაკავშირებას ვერ მოვახერხებდით, რადგან მას ტელეფონი არ აქვს.
“გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის პირველი რაიონში იმყოფებოდა, სადაც მძიმეწონიანი მანქანები ინერტულ მასალებს ეზიდებიან. გზა იმდენად ვიწროა, რომ იქ გავლა ფეხით მოსიარულეთათვისაც კი შეუძლებელია.
იქვე მცხოვრები ეთერ ხოსრევანიძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს:
_ ამ გზაზე დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე დადის 40-ტონიანი მანქანები. მოგვისპეს სიცოცხლე აქაურებს. აი, ნახეთ ჭა რა დღეშია, რატომ გვაყენებს ზიანს სახელმწიფო? რატომ არ აინტერსებთ ადამიანების ბედი? წყლის მილები დახეთქილია. აქვე გადის ციხის კანალიზაცია, სადაც შეიძლება ბავშვი ჩავარდეს, ან საქონელი; სახლები დაბზარულია. ცხელ ხაზზე ასჯერ დავრეკე, თუმცა, არანაირი რეაგირება არ არის, _ ამბობს ეთერ ხოსრევანიძე.