„დამაბრუნეთ უკრაინაში. მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“ _ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მან ასევე უკრაინელებს მიმართა და განაცხადა, რომ პოროშენკოს მისი ეშინია.
„ჩემო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირ დიად ქვეყანას მართავდნენ. პეტრო პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია,“ _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ კისერი სტკივა, მაგრამ ტკივილი გაივლის და უკრაინელ ხალხთან ერთად ოლიგარქიულ მმართველობას მოუგრეხს კისერს.
„გუშინდელის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან ყველანაირად ცდილობდნენ, მოეგრიხათ. კისრის ტკივილი გამოვლის, მაგრამ მათ ვპირდები, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენ კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს და მათ მთავრობას,“ _განაცხადა სააკაშვილმა.
პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად იბრძოლებს და უკრაინაში მუდმივი მოქალაქის სტატუსით ჩავა. თუმცა მანამდე ევროპის ქვეყნებში აპირებს გადაადგილებას.
„უახლოეს პერიოდში ვაპირებ ჰოლანდიაში წასვლას, სადაც, როგორც იცით, ჩემი ოჯახია. დანარჩენი დრო ევროპაში ვაპირებ გადაადგილებას. ევროპაში საზღვრები არ არის და ამის პრობლემა არ მექნება. პოლონეთში როგორც სახლში ვგრძნობ თავს და მეგობრებთან ვარ. რაც შეეხება უკრაინაში დაბრუნებას, დავბრუნდები, როდესაც ჩვენ ოპოზიციის მობილიზებას მოვახდენთ“, _განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორან “სულგუნში”, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.