2015 წლის 2 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 412 810 ლარი იყო.
ტენდერში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ყველაზე დაბალი ფასით _ 358 887 ლარი, შპს “გილმარი 2”-მა გაიმარჯვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ კომპანიის ხელმძღვანელთან, გურამ კარტოზიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 22 ივნისს გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, ბაზის რეაბილიტაცია 2015 წლის 12 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, მასში ცვლილება ორჯერ შეიტანეს, პროექტში კორექტირებაც მოხდა და საბოლოოდ, 7 დეკემბერს ჩაიბარეს.
თუმცა, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებიდან ოთხ თვეში იმდენი ხარვეზი გამოვლინდა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა:
“ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ზედამხედველი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება განახორციელოს მშენებლობის ყველა ეტაპზე.
ამასთანავე, მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა.
ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია სამუშაოთა მოცულობები, ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის. შესაბამისად, ზედამხედველსა და ექსპერტიზას არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
2017 წლის 28 ივნისს, აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ობიექტის ადგილი დაათვალიერა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს “გილმარი 2″ ის” მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა. კერძოდ, დაზიანებულია ფასადი, კედლები, იატაკი, ჭერი.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს სამუშაოს მიღებიდან მე-5 წელს, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან ოთხ თვეში დაზიანდა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპალიტეტმა ორჯერ
მიმართა მიმწოდებელს, რომელმაც სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა.
მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელს სრულად არ განუხორციელებია არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებიათ, შენობის ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების გამოსწორების მიზნით.
შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილია 354.3 ათასი ლარი ისეთ სამუშაოებში, რომელიც დაზიანებულია და
საჭიროებს დამატებითი სამუშაოების შესრულებას”, _ ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც ამ დრომდე არ შესულა პროკურატურაში და პასუხი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არავის უგია.
უფრო მეტიც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბაზაზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 20 000 ლარი გამოყვეს:
_ ყველაფერი მშენებლის ბრალი არ არის. იქ დაზიანებულია ონკანები, უნიტაზები და სწორედ ასეთი ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყო 20 000 ლარი, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.
მისივე თქმით, “გილმარი 2”-ის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია უკვე შედგა და ის ხარვეზებიც გამოსწორდება, რომლებიც კომპანიის ბრალია.
ლანჩხუთის მერს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და რატომ არ ითხოვენ პასუხს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო:
_ ორჯერ გავაგზავნეთ წერილი კომპანიაში და უკან დაბრუნდა. როგორც ჩანს, მისამართი შეუცვალეს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ კომუნიკაცია შედგა, კომპანიის ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული და ყველა ხარვეზი გამოსწორდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 000 ლარის ხარჯვა ბაზაზე მას შემდეგ დაიწყება, რაც ახალშექმნილი კომისია კონკრეტული პირების ბრალეულობას დაადგენს და გამოარკვევს, ვინ რა გააფუჭა ახალგარემონტებულ ბაზაზე.
_ პასუხს აგებს ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, _ გვითხრა სარიშვილმა.
_ ბატონო ალეკო, როცა ბაზა გარემონტა და ჩაბარდა, საკრებულოს დეპუტატი იყავით და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდით, იმდროინდელი გამგეობის მუშაობის ზედამხედველობა თქვენი მოვალეობა იყო და არ გრძნობთ პასუხისმგებლობას?
_ მე, როგორც კი გავიგე ამის შესახებ, რეაგირება მოვახდინე. ყველა აგებს პასუხს. მერწმუნეთ, რეაგირების გარეშე ეს საკითხი არ დარჩება, _ ამბობს სარიშვილი, რომლის თანამშრომლებად ის პირები დღესაც მუშაობენ, რომლებიც მიღება-ჩაბარების დოკუმენტს ხელს აწერენ.
ლანჩხუთის მერი ირწმუნება, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, თუმცა, გაურკვეველი რჩება, რატომ არ იწვევს აკრედიტებულ ექსპერტებს ზიანის შესაფასებლად და რატომ არ უგზავნის საქმეს პროკურატურას.
აღსანიშნავია, “გილმარი 2”-ს წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულს უარყოფენ _ პირმა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელის, გურამ კარტოზიას ტელეფონის ნომერზე გვიპასუხა და მის ძმად _ ზაზად გაგვეცნო, აღნიშნა, რომ დაზიანებები მათი ბრალი არაა და ობიექტი იმ პირებმა გააფუჭეს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ:
_ გურამი იყო ჩასული, ყველაფერზე შეუთანხმდა მერს და საკრებულოს. ჩვენი კომპანიის გასაკეთებელი არაფერია. იქ ვინც ცხოვრობდა, იმათ მოთხოვეთ პასუხი _ ყველაფერი დააზიანეს, გააფუჭეს. ადამიანები კი არა, ველურები იყვნენ და კიდევ ჩვენ გვთხოვთ პასუხს? არაფერი ჩვენი ბრალი არაა. სახურავიდან რომ წყალი ჩამოვიდა, არც ესაა ჩვენი ბრალი _ ხე დაეცა შენობას და იმიტომ გაფუჭდა. ბათქაშიც უყურადღებობის და მოუვლელობის გამო ჩამოვარდა. ჩვენ რა შუაში ვართ? საერთოდ, რა უფლება გაქვთ ჟურნალისტებს, ამაში რომ იხედებით?! ან რა უფლებით ნახულობთ ხელშეკრულებას?! ჩვენ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ საკრებულოს თავმჯდომარესთან. ისინი იყიდიან მასალებს და გურამი მხოლოდ და მხოლოდ ხათრის გამო გამოაგზავნის მუშას და გააკეთებს, _ გაღიზიანება არ დაუმალავს რესპონდენტს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ძმად გაგვეცნო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შეთანხმებას, რომლის შესახებაც კარტოზიამ გვითხრა, ადასტურებს:
_ მე ვიყავი ბაზაზე და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე. საერთოდ, რა შუაშია ეს კომპანია? ძირითადად, ონკანები და უნიტაზებია გაფუჭებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ.
_ ბატონო ბესიკ, სახურავიდან რომ წყალი ჩამოდის, ეს ფეხბურთელების ბრალია?
_ ეგ არაფერი ისეთი არაა.
_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა წაკითხული გაქვთ? იცით, რა წერია იქ ბაზასთან დაკავშირებით?
_ კი, ვიცი, მაგრამ არაფერი ისეთი. მართლა ვერ ვხედავ ამ კომპანიის ბრალეულობას. პირიქით, მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და მუშახელით დაგვეხმარებიან, _ გვითხრა ტაბიძემ, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას თქმით, ბაზაზე სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა:
“მაშინ, როცა ბაზის შესარემონტებლად 20 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, კატეგორიული წინააღმდეგობა გავწიე და ხმაც არ მიმიცია. განცხადებაც გავაკეთე საკრებულოს სხდომაზე და იქვე მოვუწოდე სარიშვილს, რომ კომპანიისთვის მოეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
თუ ეს კომპანია მის ვალდებულებებს არ ასრულებს, პროკურატურას უნდა მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ახალი მერიის მხრიდან ამ თანხის ხარჯვა არამიზნობრივი ხარჯი გამოდის, რაზეც შემდგომში მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ 20 000 ლარი არაფერში ეყოფა. კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან თავის დროზე სამუშაოები ძალიან უხარისხოდაა შესრულებული, მაგრამ პასუხის მომთხოვნი არავინაა. მოქმედი ძველისკენ იშვერს ხელს _ თითქოს მე ვიყავი მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე“, _ გვითხრა ასკურავამ, რომლის თქმით, შენობაში არსებული მდგომარეობის ფეხბურთელებისთვის დაბრალება “თავის მართლების უსინდისო მეთოდია”.
ასკურავას მსგავსად, პრობლემების ფეხბურთელებისთვის დაბრალებას არასწორად აფასებს საფეხბურთო ბაზის დარაჯი ამირან პატარია.
_ თუ უნდათ დააბრალონ ფეხბურთელებს, მაგრამ მათი ბრალი რაა _ უხარისხო ონკანები და “დუშები”? ორ თვეში ააშენეს ეს შენობა. სად გინახავთ ორ თვეში ნორმალურად დასრულებული სამუშაო?! 20 წელია აქ ვარ, ბევრი მთავრობა გამოვიცვალე და ბევრი რამ მინახავს. არც პროექტი ვარგა, არც აქ არსებულ რეალობაზეა მორგებული. ფანჯრებიც არ იღება და ნესტი ყველაფერს აფუჭებს. გარე კედლები რომ დაბზარულია, რატომაა ფეხბურთელის ბრალი. მივიდა და ფეხი ურტყა? სირცხვილია ამის თქმა. რა უნდათ ამ ფეხბურთელებთან?! ეს ხელოსნების ბრალია, მასალის ბრალია. ეტყობა, მიაკლდათ მასალა და არავინ მიაქცია ყურადღება, თორემ ასე მალე როგორ უნდა დაბზარულიყო კედლები? ან კიდევ, სახურავზე რომ “ტყეა” ამოსული, ეს ფეხბურთელის ბრალია? ყველას ვეჩხუბები ამის გამო. უხარისხოდ გაკეთებული, მოუვლელია ყველაფერი და არც არავინ კითხულობს ამბავს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ამირან პატარაია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ხარვეზები აშენებიდან რამდენიმე თვეში გამოვლინდა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე გრიგოლეთში არ ჩასულან:
_ ახლახან მოვიდნენ, მანამდე თვალიც არ მომიკრავს არავისთვის. დღიან-ღამიანად აქ ვარ. სახლიც მე არ მაქვს სხვა და კარი. აქვე, ეზოში ვცხოვრობ, აქაურობას ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. ყველა ვიცი, ვინც აქ მოდის და მიდის, _ აღნიშნავს ბაზის დარაჯი, რომლის ინფორმაციით, წელიწადზე მეტია მისთვის ხელფასიც კი არ გადაუხდიათ:
_ შუქიც კი არ მაქვს. იმ ხუხულაში, სადაც ღამეს ვათევ, თვეებია სანთელი მინთია. ნისიად მომაქვს მაღაზიიდან იმ იმედით, რომ კუთვნილ ხელფასს როდესმე ავიღებ, _ გვითხრა პატარაიამ.
არადა, ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაზის ჩაბარების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კომუნალურ გადასახადებზე 25 000 ლარამდე დაიხარჯა. ამ უხარისხო შენობის დაცვა და ადმინისტრირება კი ლანჩხუთელებს ორ წელიწადში 18 000 ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წელიწადზე მეტია დარაჯისთვის ხელფასიც არ მიუციათ.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში _ მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში “გურია ნიუსმა” ჩააყენა და როგორც გულედანმა აღნიშნა, საკითხს დეტალურად შეისწავლიან.