ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება, _ აღნიშნულ ინფორმაციას BNP ავრცელებს.
პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. გასული წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს.
გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.