BBC -ის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 14 ადამიანის, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ ბრიტანელი პარლამენტარები. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ ეს შემთხვევები, შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოსთან იყოს დაკავშირებული და მსგავს გარემოებებში დაღუპულთა უმრავლესობა, მათ შორის, ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ბორის ბერეზოვსკისთან ან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ალექსანდრე ლიტვინენკოსთან იყვნენ კავშირში.
,,გურია ნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ამ საქმეს პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.
,,ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უკავშირდება ე.წ. სკრიპალის საქმეს, რომელიც ამ დღეებში იქნა მოწამლული თავის ქალიშვილთან ერთად ძალიან საეჭვო ვითარებაში.
ამ თემას, განვიხილავდი, ზოგადად, პოლიტიკურ კონტექსტში. პოლიტიკას ვხედავ, სამწუხაროდ, აქ, ვიდრე სიმართლის დადგენას, იმიტომ, რომ თავის დროზე ყველა ამ საქმეზე გამოძიება თავად ბრიტანულმა სამართალდამცავმა სისტემამ აწარმოა.
ფაქტობრივად, ბრიტანული სამართალდამცავი სისტემა ამბობს, რომ მაშინ არასწორად გამოვიძიე და ახლა თავიდან უნდა გამოვიძიოო, ეს არასერიოზულია და მგონია, რომ პოლიტიკური კამპანიაა და მეტი არაფერი. ეს კამპანია უნდა განვიხილოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის მკვეთრი დაპირისპირების და ესკალაციის პროცესში. სხვა სამართლებრივ შინაარსს ვერ ვხედავ.
პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ამაზე ილაპარაკებენ ზოგადი დაპირისპირების კონტექსტში, მაგრამ არამგონია, რომ ამ საქმეების რელიზირება რეალურად დაიწყოს“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ბიზნესმენი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს, გვიან ღამით, ლონდონში გარდაიცვალა.