შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების გასაღებას. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და ნარკორეალიზატორები დააკავეს, _ ამის შესახებ შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი – აქედან – საქართველოს 14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე.
პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“. გარდა ამისა, ამოღებულია დაახლოებით, 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 171 ათას 250 ლარი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.