პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოებამ პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ქართული მხარის შეფასება ძალიან მკაცრი უნდა იყოს და ყველაფერი რეზოლუციაში უნდა აისახოს, რომელსაც დღეს პარლამენტი მიიღებს.
დეპუტატის თქმით, საქართველოს პოლიტიკა ძალიან ობიექტური უნდა იყოს, ხოლო შეფასება ძალიან მკაცრი, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება ძალიან მძიმეა.
„ბოლო რამდენიმე შემთხვევა არის, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს შეეხო. ეს ყველაფერი რეზოლუციაში უნდა აისახოს და რეზოლუციის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს. მთავრობა სტრატეგიულ პარტნიორებთან დიდი ხანია მუშაობს და გარკვეული ინფორმაციის გაცვლა ხდება, მათ შორის იმაზე, რაც დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.