სუფსა მდინარეა დასავლეთ საქართველოში, რომელიც სათავეს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე იღებს.
შავ ზღვას სოფელ გრიგოლეთთან ერთვის. მისი სიგრძე 108 კილომეტრია, აუზის ფართობი 1130 კადრატული კილომეტრი.
მთავარი შენაკადებია გუბაზეული, ბახვისწყალი, ბარამიძისწყალი, შუთი.
აუზის ჩრდილოეთი საზღვარი გურიის სერს გასდევს, სამხრეთი _ მესხეთის ქედსა (ზემო დინებაში) და ნასაკირალის სერს (ქვემოწელში).
აუზი აგებულია ტუფოგენური ქანებით, ქვაშაქვებით, ქვიშნარ-კონგლომერატული ნალექებით, თიხებით.
სათავის მონაკვეთზე აუზი შემოსილია სუბალპური მდელოს მცენარეულობით, 2000 მ-ზე ქვემოთ _ ტყით, რომლის შემადგენელია სოჭი, ფიჭვი, წიფელი, რცხილა, მუხა და სხვა.
სოფელ ბუკისციხის ქვემოთ აუზის დიდი ნაწილი უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით.
იცის წყალმოვარდნები (წელიწადში 16—27-ჯერ). გაზაფხულის წყალდიდობა შედარებით ხანმოკლეა.
მდინარის წყლის რეჟიმი უმთავრესად დამოკიდებულიია ატმოსფერული ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობაზე, მაქსიმალური ხარჯი სოფელ ხიდმაღალასთან 700 მ³/წმ აღწევს, მინიმალური ხარჯი ქვემო დინებაში 4 მ³/წმ, საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან — 46 მ³/წმ.
სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური.
ვიკიპედიას მასალების თანახმად, მდინარე სუფსა მოგროსის სახელით და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, აგრეთვე ფლავიუს არიანეს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე „Tabula Peutingeriana“. ეს მდინარეეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი.
სუფსაზე ნაოსნობა XIX საუკუნემდე გრძელდებოდა. 1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად სუფსაზე სამდინარო ნავები მდინარე ბახვისწყლის შესართავამდე, ზღვიდან 26 კმ დაშორებით ადიოდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის ასეთი 25-30 ბრტყელძირიანი ნავი იყო, თითოეულის ტვირთმზიდაობა 1,5-დან 5 ტონამდე ადიოდა.