,,ქართულმა ოცნებამ“ და ,,ევროპულმა საქართველომ“ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია საერთო კონსენსუსის შედეგად მიიღო. აღნიშნულმა ფაქტმა მმართველი გუნდის ზოგიერ დეპუტატში უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან, ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან კობერიძემ რეზოლუციის დასამტკიცებელ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო. როგორც კობერიძემ განმარტა, რეზოლუცია არ უნდა შემუშავებულიყო იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში დიდი წვლილი შეიტანა.
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის კრიტიკა არასერიოზულია, რადგან, მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური განაჩენი ოპოზიციის მიმართ ამ დრომდე უნდა გამოეტანა.
,,მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მათი განცხადებები გულწრფელი იყოს, მაინც დიდი ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ხალხთან ერთად სხედან პარლამენტში და რეზოლუციის მიღების დროს გაახსენდათ, რომ ეს პრობლემაა? თუ ასეთი განწყობა არსებობდა ,,ქართულ ოცნებაში“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანა მათთვის. ახლა ასეთი ლაპარაკი არასერიოზულია.
რაც შეეხება რეზოლუციას, თავისთავად, ამ ტრაგედიაზე სერიოზული რეაგირება იყო საჭირო და ვფიქრობ, აუცილებელიც, იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრმა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად არაადეკვატური წერილი აუფრიალა მოსკოვს.
ერთის მხრივ, პრემიერი ამბობს, პირდაპირ ვაპირებ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგს და რუსეთო, შენ კონსტრუქციული იქნები ამ პროცესშიო, ანუ რუსეთის როლი ამ მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, მოხსნა. ამ ფონზე პარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი მუშაობს ერთი მიმართულებით და პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ. ეს არის აბსოლუტური დაბნეულობა. სჯობს, უმრავლესობა საკუთარ თავში კარგად გაერკვეს და მერე ილაპარაკოს ბოკერიაზე და სხვებზე, იმ ბოკერიაზე, რომლის გვერდზე უკვე მეექვსე წელია სხედან.
მაინტერესებს, ასეთი რეზოლუციის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებები რა ფორმატში გაიმართება. საინტერესოა, ჟენევის მოლაპარაკებებზე რომ დასხდებიან, რა იქნება დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ მთავარი თემა უნდა იყოს ტატუნაშვილის საკითხი, სხვა რამეზე საუბარს აქვს აზრი. მითუმეტეს, წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ადამიანი ნაწამებია. აუცილებელია ჟენევის ფორმატში ყველა იმ პირზე დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც მის მკვლელობაში მონაწილეობდა“,_
განაცხადა ხუხაშვილამა.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკას ,,ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
,,ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, რომ უკვე მოვედით ხელისუფლებაში. მინდა დაგამშვიდოთ, ეს ჯერ არ მომხდარა. ეს მოხდება, მაგრამ რომ მოხდება, გაიგებთ ძალიან მკაფიოდ. ასევე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ღელვის არანაირი საფუძველი არ გაქვთ – ჩვენს გუნდებს შორის არანაირი არსებითი დაახლოება არ მომხდარა“, _ განაცხადა ბოკერიამ.