საკუთარი გასაჭირის გასაზიარებლად „გურია ნიუსს“ უამრავი ადამიანი სტუმრობს. ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მცხოვრები 76 წლის გუგული ცხოიძეა. როგორც ქალბატონი გუგული გვიყვება, წლების წინ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დაარეგისტრირეს. უმწეოთათვის განკუთვნილ ფულად დახმარებასაც იღებდა, მაგრამ გეგმიური გადამოწმების შემდეგ, მას დახმარება მოუხსნეს და წლებია, მის აღდგენას ვეღარ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში მას მეუღლეც დაეღუპა, ფიზიკურად უფრო მეტად შრომისუუნარო გახდა და მისი საცხოვრებელი პირობებიც გაუარესდა.
_ წლების წინ, არც არავისთვის მითხოვია ისე, მოვიდა სოციალური აგენტი და შეამოწმა ჩვენი საცხოვრებელი პირობები და დაგვნიშნა სოციალური დახმარება, ცოტა ხანს ვიღებდით, მერე კი მოგვიხსნეს. მას შემდეგ სახლში ცოცხი თუ გამოვცვალე, თორემ სხვა უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით, უფრო დავბერდი, დავავადმყოფდი, მეუღლეც აღარ მყავს ცოცხალი. ამ ხნის ქალი ვარ, წამალი მჭირდება, ჭამაც ხომ მინდა, ყველაფერს არ გაწვდა ჩემი პენსია. რა ვქნა, აღარ ვიცი, _ გვითხრა ქალბატონმა გუგულიმ და გვთხოვა, სახლში ვსტუმრებოდით და გვენახა, რა პირობებში უწევს ცხოვრება.
გუგული ცხოიძესთან მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა: ქოხი უფრო, ვიდრე სახლი, რომელშიც ბნელი, ერთმანეთისგან გამოუყოფელი ორი ოთახია. ჩაშლილი ღობე და ეზოში უამრავი პირუტყვი, რომლის მოგერიებასაც სწორედ იმ დროს ცდილობდა ჩვენი რესპონდენტი.
„ჩემს ეზოში სხვისი საქონელი „ბუნაგობს“, ვერაფერს ვუხერხებ. ღობე ჩამომეშალა და შემომესია საქონელი. ჩემისთანა გაჭირვებულს თუ დაეხმარებიან, მადლია, დიდხანს მაინც გასტანს, ისე ცუდად ვარ და ამ ორ დღეს რომ დამეხმარონ, რა მოხდება?!”
კითხვაზე _ მიუმართავს თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დახმარების სათხოვნელად, ქალბატონი გუგული გვპასუხობს, რომ მხოლოდ ერთხელ და 150 ლარით დაეხმარნენ.
„წყლის შემოყვანა მინდოდა, მაშინ დავწერე გამგეობაში განცხადება დახმარების თაობაზე და 150 ლარით დამეხმარნენ. მაშინ ყველასთან უფასოდ მიყავდათ წყალი, მაგრამ ჩემთან წყლის შემოყვანისთვის 550 ლარი იყო გადასახდელი. მე სად მაქვს ამის საშუალება. ჭა მქონდა ეზოში, რომელიც იმ დროს დამშრალი იყო. მერე მოვიყვანე სპეციალისტი და დავაღრმავებინე ჭა და ახლა ამ ჭის წყლით ვსარგებლობ. ასე გაჭირვებულად ვცხოვრობ. კიდევ არ ვიქნებოდი ამ მდგომარეობაში, მაგრამ შვილს, რომელთანაც ვცხოვრობდი, სახლი დაეწვა, აქვე ვცხოვრობდით. ეს „კუხნა“ ბაბუაჩემმა მაჩუქა ადრე, მერე გადმოვიტანე და აქ ვცხოვრობ ამ ფაცხაში. ცხოვრება თავისას მოითხოვს _ ბავშვები დაიზარდნენ და გაიფანტნენ. ზოგი ქირით ცხოვრობს და ვართ ასე ძალიან ხელშეშლილი. მე საღაცა წასვლას და ნაქირავებში ცხოვრებას აქ მირჩევნია, მაგრამ უკვე შრომაც არ შემიძლია და იმიტომ მჭირდება ასე ძალიან დახმარება, იქნება აღმიდგინონ. თუ მაშინ ჩათვალეს, რომ მეკუთვნოდა, მას მერე მხოლოდ უარესობისკენ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, _ გვიყვება ქალბატონი გუგული და სახლში გვეპატიჟება, სახლში, სადაც ჩვენი რესპონდენტის „ხელშეშლილობა“ თვალშისაცემია.
ეს დაჟანგული მაცივარი სხვამ მომცა, აგდებდნენ და მე წამოვიღე. როცა მოვიდნენ შემოწმებაზე, ყველაფერი ნული ქულით შეაფასეს, მაგრამ მაინც მაღალი სარეიტინგო ქულა მომივიდა. ვერ ვხვდები ჩემს პირობებში მცხოვრებ, მარტოხელა ქალს დახმარება რატომ არ უნდა დაენიშნოს, _ ამბობს გუგული ცხოიძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ ოჯახში გუგული ცხოიძე ფიქსირდება მარტო, თუმცა, მას ჰყავს 2 გარეთ მცხოვრები შვილი, რაც დეკლარაციის შევსებისას აისახება.
„გუგული ცხოიძის ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღები იყო 2006–2011 წლებში. 2011 წლის შემდეგ ის რამდენჯერმე გადამოწმდა, მაგრამ ყოველთვის მაღალ სარეიტინგო ქულას იღებს და არ არის საარსებო შემწეობის მიმღები. ბოლოს 2016 წელს გადამოწმდა. ოჯახში გუგული ცხოიძე ფიქსირდება მარტო, თუმცა, მას ჰყავს 2 გარეთ მცხოვრები შვილი. რამდენიმე დღის წინ მან კვლავ მომართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და ხელახლა შეივსო მისი დეკლარაცია. ახალი ქულა 30-ე დღეს დაითვლება“, _ გვეუბნებიან პრესსამსახურში.