პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციას მმართველმა გუნდმა და ,,ევროპულმა საქართველომ“ ერთობლივად დაუჭირა მხარი. როგორც ახვლედიანი გვეუბნება, ,,ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეზოლუციის შექმნაში ,,ევროპულ საქართველოს“ მონაწილეობა არ უნდა მიეღო არასწორია.
,,ასეთ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სჭირდება საერთო კონსენსუსი. კარგია, როდესაც პარტიები განსხვავებულობის მიუხედავად საერთო ენას პოულობენ. ,,ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატის კრიტიკას ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ უცოდველი არავინ არის. თუ წარსულში ცალკეულ პოლიტიკოსებს ჰქონდათ შეცდომები და მათ შორის მძიმე შეცდომებიც დაშვებული ეს არ ნიშნავს იმას, რომ წამოვაძახოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა თავად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. კარგად მესმის ვის რა აქვს დაშავებული, მაგარამ ამის მიუხედავად საჭიროა საერთო ენის გამოძებნა.
რა თქმა უნდა, ტატუნაშვილი გმირია. ის, რაც სეპარატისტულმა რეჟიმმა ჩაიდინა არის წარმოუდგენელი დანაშაული. ადრე თუ გვიან დამნაშავეები პასუხს აგებენ. შეიძლებოდა, რეზოლუცია კიდევ უფრო პრინციპული და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების კიდევ უფრო გამომხატველი ყოფილიყო. არ უნდა მოგვერიდოს და შეგვაშინოს პრინციპულობამ და უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესს ჩვენს გარდა არავინ დაიცავს.
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, სტატუსის რანგის შეცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ჟენევაში პრემიერ-მინისტრი ჩავა თუ საგარეო საქმეთა მინისტრი მაშინ, როცა რუსეთი პოზიციას არ იცვლის. ასე, რომ მთავარია არა რანგი, არამედ შინაარსი. შინაარსი შეიძლება მივიღოთ ჩვენთვის სასურველი იმ შემთხვევაში თუ მუდმივად ვიქნებით ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების სამსახურში, მეორე ვიქნებით კრიტიკულნი და მესამე სათანადოდ გამოვიყენებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის რესურსს“,_გვითხრა ახვლედიანმა.