არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მას წილკანიდან წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაახლოებით 14 საათზე გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაგრძელდება.
დაკრძალვის ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრებიან. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.