ბატონი ჯემალ ღაღანიძე ერთ კურიოზულ შემთხვევას ხშირად იხსენებს.
„ქუთაისში ვიღებთ მხატვრულ ფილმს – „ჩემი მეგობარი ნოდარი“.
ქუთაისი ხომ „ხოხმა-ღადაობის“ უშრეტი წყაროა და, გადაღებაც, შესაბამისად, სულ მხიარულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. მე გოგია მილიციელის როლს ვასრულებდი.
დაყენებულია ფარული კამერები ღამის ქუთაისში. მე, მთვრალი მილიციელი, მივბარბაცებ ცენტრალურ ქუჩაზე, ბუდიდან ვიღებ პისტოლეტ „ტეტეს“ და ვისვრი ჰაერში. სცენარის მიხედვით, ოთხჯერ-ხუთჯერ უნდა გამესროლა რამდენიმე წუთის ინტენსივობით.
მესამე გასროლაც შევასრულე და ჩემს ფეხებთან მილიციის „სპეცკოლხოზნიკი“ დამუხრუჭდა. გადმოცვივდნენ საბჭოთა მილიციელები, მარჯვედ გადამიგრიხეს ხელები, წამში გამომტაცეს იარაღი, შემკეცეს მანქანაში და ისე გამაქანეს, რომ ვერავინ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო.
– სად მიგყავართ, ბატონო? – ვკითხე გაუბედავად.
– დუტ! შე მუნდირის შემარცხვენელო! ჩვენ ვიცით, სადაც წაგიყვანთ! – დამიბღვირეს ფორმიანებმა.
– არტისტი ვარ, ბატონო, მე.
– არტისტი ხარ, აბა, მილიციელის რა გაცხია, შენ ხულიგანო!
– არა, მართლა არტისტი ვარ, კინოსი…
– მალე გაჩვენებთ კინოს და კინოჟურნალს!
გავიჭყიტე ფანჯარაში – ქალაქიდან გავსულვართ.
– სად მივდივართ, ამხანაგო ოფიცერო? – გადავედი ოფიციალურ ტონზე.
– სუს! კრინტი!
თურმე, სამტრედიის ერთ პრესტიჟულ რესტორანში ქეიფობს ქუთაისის მილიციის უფროსი თავის ამფსონებთან ერთად. ამ ქუთაისელ „შერლოკ ჰოლმსებს“ რაციით დაურეკავთ, ჩვენი თანამშრომელი ისვრის შუაგულ ქუთაისშიო და იმასაც უთქვამს, გაბაწრეთ და აქ მომგვარეთო.
შემაჩინდრიკეს მუჯლუგუნებით რესტორანში.
– ესაა? – ეკითხება „ხუტა უფროსი“ ხელქვეითებს.
– ეს არის, ამხანაგო უფროსო!
რა სჯობია „გამოსულ“ მილიციელს… მაშინვე მიცნო:
– ბატონო ჯემალ, თქვენ საიდან ამ გაუგებრობაში?!
ავუხსენი ყველაფერი და ატყდა ხარხარი.
– დაუბრუნეთ იარაღი! – გასცა ბრძანება უფროსმა.
მომცეს ჩემი „ტეტე“.
– ხალასტოი პატრონებია შიგნით, ხომ? – მაინც დაიზღვია თავი უფროსმა.
– რა თქმა უნდა.
– მომეცი აქ.
მივაწოდე… მივაწოდე და, მიუშვა დარჩენილი მასრები ყეყეჩა მილიციელებს. იმათ რა იცოდნენ, ფუჭი მასრები თუ იყო და გაეკრნენ იატაკს.
მეორე დღეს ხელახლა დაიწყო გადაღება. აბა, რა იქნებოდა, დილამდე სამტრედიაში ვქეიფობდით…“