ხაშურის რაიონული სასამართლო მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილის თავმჯდომარეობით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების – საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმეზე, გადაწყვეტილებას 2018 წლის 5 აპრილს გამოაცხადებს _ განცხადებას “ახალგაზრდა ადვოკატები” ავრცელებენ.
“სასამართლომ ბოლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოახდინა და პროცესის მონაწილე მხარეების დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ხაშურის ბაღების გაერთიანებამ სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე აღიარა, რომ კონკურსი დარღვევებით და საკონკურსო პირობების დარღვევით მიმდინარეობდა, კანდიდატები გასაუბრების ეტაპზე სათანადო საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიუხედავად გადაიყვანეს და ასეთი დაშვებები, როგორც გაერთიანების დირექტორმა, დავით ნოზაძემ განაცხადა, მხოდა იმის გამო, რომ „არავის არ წყენოდა“. ხაშურის ბაღების გაერთიანებამ, ფაქტობრივად, ნაწილობრივ სცნო სარჩელი და სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ კონკურსი სამართალდარღვევის ფაქტებით მიმდინარეობდა, რაზედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, მოსარჩელეების ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ხაშურის ბაღების გაერთიანების აღიარება ძირეულად ცვლის მტკიცებას იმის შესახებ, რომ კონკურსი გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ობიექტური პრინციპებით დაცვით ჩატარდა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ბაღების გაერთიანებამ ყველა მათ არგუმენტს თავად გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი, როდესაც განცხადება გააკეთა კონკურსის დარღვევების ჩატრებაზე და გასაუბრების ეტაპზე კანდიდატების კანონით დარღვევით გადაყვანაზე, რაც სასამართლოს მიერ ბაღების გაერთიანების მიმართ დასმულ შეკითხვებშიც ღიად გამოჩნდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის წარმომადგენელმა, მარიამ ფირცხალაიშვილმა სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების იმ სამართლებრივ საფუძვლებზე მიაწოდა დასკვნები, რომელიც მოწმეთა დაკითხვის პროცესში, მათი ჩვენების შედეგად გამოვლინდა გარემოება, რომლითაც მოსარჩელეების მიმართ დგინდება დისკრიმინაცია პირდაპირი და არაპირდაპირი ფორმით. კერძოდ, მოსარჩელეების მიმართ ისეთი პირობების შექმნა, რომელმაც პირდაპირ ან არაპირდაპირ გააუარესა მათ მდგომარეობა ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. მარიამ ფირცხალაიშვილის თქმით, საკონკურსო კომისიამ არ გაითვალისწინა მოსარჩელეების გამოცდილება და ბიოგრაფიული მონაცემებები და გაითვალისწინა დანიშნულ პირთა ცხოვრებიუსეული გამოცდილებები, პოლიტიკური ჩართულობა, ძიძად ყოფნის შემთხვევები, რომელიც სამუშაო გამოცდილებად იქნა მიჩნეული და დანიშვნები მოხდა პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაზეც არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი”, _ ნათქვამია განცხადებაში.