თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულს, აზერბაიჯანის მოქალაქეს რ.გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “გურია ნიუსს” მოაწოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ.თბილისში, სადარბაზოს ლიფტში რ.გ. ცდილობდა არასრულწლოვნისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას და ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. რ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა ბავშვის ყვირილზე სადარბაზოში გამოსული მეზობლების დახმარებით.
სამართალდამცველებმა რ.გ. დანაშაულის ჩადენის ადგილას დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
რ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, _ აღნიშნულია განცხადებაში.