ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ჭავჭავაძის ქუჩაზე გაზონების ჭრის საკითხს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მათი თქმით, ქუჩაზე არსებული გაზონების გამო ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაცია.
“ვინაიდან აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გაზონები, ნაკლები ხილვადობის გამო, ხშირად საავარიო სიტუაციას ქმნიდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ არა ნარგავების გაჩეხვას, არამედ იმ ნაწილის გადაჭრას, რომელიც ტრანსპორტით მოძრაობის დროს, ხილვადობას უშლის ხელს.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული საბავშვო ბაღის, ასევე ქუჩის კვეთაში საჯარო სკოლის მიმართულებით, ხშირად მოძრაობენ ბავშვები. გარდა ამისა, მოახლოებულ აღდგომის სადღესასწაულო დღეებში ქალაქის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით იტვირთება.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს არა მწვანე ნარგავთა გაჩეხვა – განადგურება, არამედ საავარიო სიტუაციების თავიდან არიდების, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება”.