მმართველი გუნდის ზოგიერთი დეპუტატი არ გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტსა და დეპუტატებს შორის დაპირისპირებას, თუმცა აღნიშნულ ფაქტს უარყოფს დეპუტატთა მეორე ნაწილი, რომელთა შორის კახაბერ ოქრიაშვილია. როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პარტიაში ამჟამად დემოკრატიული პროცესები ვითარდება და საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება გედევან ფოფხაძის მიერ შესაძლო გუნდის დატოვებას, როგორც ოქრიაშვილმა საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, წასასვლელი უნდა წავიდეს.
,,ქართული ოცნება“ არის ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ყალიბდება. როგორც ადამიანი იზრდება, ისე უნდა გაიზარდოს ნებისმიერი პოლიტიკური ან არაპოლიტიკური სტრუქტურა. ის, რაც ,,ქართულ ოცნებაში“ ხდება, დაპირისპირება არ არის, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა. როდესაც პარტიას მართავს ჭეშმარიტი დემოკრატია, დაპირისპირება აღარ არსებობს. იზრდება პარტია, დაინერგება დემოკრატიული პროცედურები და ყველაფერი კარგად იქნება. ამ პროცესებში საპრობლემო არაფერია, პირიქით, „ოცნებისთვის“ ძალიან სასარგებლო პროცესები მიმდინარეობს. ვიღაცა წავა, ვიღაცა მოვა, ეს პრობლემა არ არის. გედევან ფოფხაძის წასვლას არ მივესალმები, ძალიან ემოციური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თუ წასასვლელია, უნდა წავიდეს. ისე, ფოფხაძე ძალიან მენანება, იმიტომ, რომ გონიერი ადამიანია და თუ უმრავლესობაში დარჩება და უფრაქციო დეპუტატი იქნება, მხოლოდ გამეხარდება“, _ განაცხადა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველი გუნის წევრმა გედევან ფოფხაძემ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ,,ევროპული საქართველოს“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეოურვეო საბჭოს წევრად წარდგენილ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მმართველი გუნდის ნაწილმა მხარი დაუჭირა.