ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში გასაუბრებას გადიან მერიის სამსახურების უფროსობის მსურველი აპლიკანტები.
კარგა ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთელი ეს პროცესი ფორმალობაა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე გარანტირებული აქვთ სამსახურების უფროსების ადგილი მათ, ვინც არჩევნებში აქტიურად უჭერდა მხარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლანდელ მერს კოტე შარაშენიძეს.
განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსად ალეკო მამეშვილის დანიშვნაზე. აღნიშნულ სამსახურს აქამდე გიგა ხარაბაძე ხელმძღვანელობდა და ახლაც მონაწილეობს კონკურსში.
ალეკო მამეშვილი, თავის დროზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო _ ეჭირა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. იგი, ასევე, აქტიურად უჭერდა მხარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შარაშენიძეს.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, მართლა გარანტირებული აქვს თუ არა აღნიშნული თანამდებობა და მიაჩნია თუ არა, რომ კონკურსი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ალეკო მამეშვილმა მოკლედ გვიპასუხა, კითხვებს იქ ელოდება. _ “კითხვებს იქ ველოდებით და ვნახოთ”, _ გვითხრა მამეშვილმა.
რაც შეეხება გიგა ხარაბაძეს, მან კომენტარი ამ კითხვაზე არ გააკეთა. გვითხრა მხოლოდ ის, რომ კონკურსში მონაწილეობს.