კითხვებით _ როგორ განვითარდება მმართველ გუნდში დეპუტატების დაპირისპირება და რატომ არ ჩქარობს ,,ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატურის დასახელებას?_ „გურია ნიუსმა“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს მიმართა. როგორც ცინცაძე აცხადებს, ,,ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება საბავშვო ბაღის კინკლაობას ჰგავს. რაც შეეხება თუ ვინ იქნება ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, ამ საკითხზე ბინა ივანიშვილს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიუღია.
,,გუნდი არაფერ შუაშია, ივანიშვილს არ მიუღია გადაწყვეტილება. როცა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, გუნდიც იმავე დღეს საზეიმო ვითარებაში ტაშ-ფანდურით გამოაცხადებს თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატს. რაც შეეხება მმართველ გუნდში დაპირისპირებას, ეს ყველაფერი არასერიოზული და არასოლიდურია. კობახიძემ მხოლოდ ერთი რამ თქვა ჭკვიანური, ჩვენს პარლამენტარებს დაპირისპირებისთვის დრო არ უნდა რჩებოდეთო. ქვეყანა ღრმა კრიზისშია, პენსიები არ იზრდება, პროდუქტებზე ფასები მატულობს, თუ რამე რეალურად იზრდება, ეს ფასებია, ეკონომიკაში კი პროცენტები ვირტუალურად მატულობს, რასაც ვერავინ ხედავს და რაც მთავარია, ვერავინ გრძნობს. ასეთ პირობებში პარლამენტში არის საბავშვო ბაღის დონის კინკლაობა. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, ეს სატირალი და საგანგაშოა“,_ განაცხადა ცინცაძემ.