პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნების” დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს. მისი თქმით, ერთიანობა მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის” არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ეს სტაბილურობა “არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების და ამ სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში”.
“დემოკრატიის იმ სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე, პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული და იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა იქნება აზრთასხვადასხვაობები.
უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი. სასურველია უმრავლეს შემთხვევაში არ გამოვიდეს ხოლმე გარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, რომ ნუ გააკეთებენ ამას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო ქართული ოცნებისთვის მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების და ამ სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა. როგორც შალელაშვილმა თქვა, ირაკლი კობახიძეს გუნდი ჰყავს შემოკრებილი და მის იქით არ იხედება.
პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით კრიტიკა რამდენიმე დღის წინ უმავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემაც გააჟღერა. მაშინ ჭიჭინაძემ თქვა, რომ არ გამორიცხავს კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში პარტიულ დისციპლინაზე და პოზიციების განსხვავებულობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გედევან ფოფხაძემთანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და უმრავლესობიდან წასვლის შესახებაც განაცხადა.