დღეს დილით, დაახლოებით, 10 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ლიბერთი ბანკის ფეი ექსპრესი 2-მა პირმა დააყაჩაღა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყაჩაღებმა პენსიის დასარიგებელი თანხა, 6000 ლარი და ერთ-ერთი პენსიონერის მანქანა გაიტაცეს.
რამდენიმე თვითმხილველი პენსიონერი ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს.
„გურია ნიუსი“ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
_ არაფერი ვიცი, ახლა მოვედი, რომ პენსია ავიღო;
_ ყაჩაღობა იყო, ორი მძარცველი შეიჭრა ბანკში და გაიტაცა პენსიის თანხა. ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მძარცველები ავტომატებით და ნიღბებით იყვნენ, ბანკში რამდენიმე ადამიანი იყო, _ ამბობენ ცხემლისხიდელები.
მძარცველების მიერ გატაცებული ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
ამ დროისთვის სოფელ ცხემლისხიდში იმყოფება ლიბერთი ბანკის ექსპრესმობილი და მიმდინარეობს პენსიების დარიგება. იქვე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც მედიას მანქანასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს.