საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი სირიაზე აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ შეტევას გამოეხმაურა. ექსპერტი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო კოალიციის მიერ გახორციელებულ თავდასხმას დადებითად აფასებს და დასძენს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის, საომარი მოქმედებებისთვის და უდანაშაულო ადამიანების დახოცვისთვის პასუხი უნდა აგოს, როგორც ასადის რეჟიმმა, ისე რუსეთის ფედერაციამ.
,,ის, რაც სირიაში მოხდა, მოსალოდნელი იყო და შანსი იმისა, რომ ეს მოვლენები სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს ნულის ტოლია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული იერიში საერთაშორისო დაძაბულობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ადრე თუ გვიან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ასადის რეჟიმი აუცილებლად უნდა დასჯილიყო, პასუხი უნდა მოეთხოვოს რუსეთსაც 2008 წელის ომისთვის, 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენებისთვის. მისი დამპყრობლური პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება საქართველოს, მოგეხსენებათ, ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან კავშირი არ აქვს, მაგრამ რა შედეგს მიაღწევს დასავლეთის ალიანსი რუსეთთან და მოიყვანს თუ არა მას გონზე, დიდი გავლენას იქონიებს არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. სირიაში მხოლოდ ტერორისტებს არ ებრძვიან. სირია რუსეთმა დასავლეთთან შეჯიბრის არენად გადააქცია, შესაბამისად, მან საკადრისი პასუხი უნდა აგოს“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას, საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელეს.