ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაღუპულის ყოფილი მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე სოფელ თელეთში დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ძალოვან უწყებაში გამართულ ბრიფინზე თქვა.
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობა სახლში ბავშვების თვალწინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება იყოს. ოჯახის წევრების თქმით, ბაქრაძე ყოფილ ცოლს შვილის მკვლელობით ემუქრებოდა.