“ის, რომ ნატალია ხომერიკი დანიშნული იქნა თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა შეცდომას, რომლის თაობაზეც მოსარჩელეს იმთავითვე განემარტა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანება შეცდომით იქნა ატვირთული საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (edocument.ge) გამოყენებისას. კერძოდ _ მომზადებული ბრძანების პროექტის “უარყოფის” ნაცვლად გამოყენებული იქნა “ხელმოწერის” ღილაკი. ხსენებულიდან გამომდინარე, ნატალია ხომერიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური უფროსი, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ ყოფილა”, _ ეს ამონარიდია ოზურგეთის მერიის იურისტის ლაშა თავაძის მიერ მომზადებული შესაგებლიდან, რომელიც მან ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ნატალია ხომერიკის მიერ შეტანილი სარჩელის საპასუხოდ გაუგზავნა და რომლის სტილიც დაცულია.
ნატალია ხომერიკმა ოზურგეთის მერის წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი თებერვალში შეიტანა, რომლითაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად აღდგენას ითხოვს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო _ 2017 წლის 12 დეკემბერს შარაშენიძე წერს #40 ბრძანებას და ნატალია ხომერიკს ნიშნავს ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.
14 დეკემბერს მერი წერს ახალ ბრძანებას ნომრით 42 და 12 დეკემბრის #40 ბრძანებას ძალადაკარგულად აცხადებს ისე, რომ მიზეზს დოკუმენტში არ განმარტავს, თუმცა, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ნატალია ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს (?!).
“არა, სამსახურის უფროსად ის არ დამინიშნავს, შეიძლება რაღაც ტექნიკური გაუგებრობა იყო სამსახურის დასათაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ჩემგან, არც სხვისგან ნატოს არ გაუგია, რომ მას ვნიშნავდი სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე ხომერიკს განვიხილავთ კულტურის განყოფილების უფროსად და მერე ვნახოთ,” _ ამბობდა შარაშენიძე 13 დეკემბერს ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
ამ კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე საათში, შარაშენიძე კიდევ ერთ ბრძანებას წერს (#43) და ხომერიკს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს, თან მასთან შეუთანხმებლად. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ეს თემა “გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად გაახმოვანა. ჩვენ მიერ ასევე გასაჯაროვდა დანიშვნის დოკუმენტიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობის გამო 14 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზევე მოსთხოვეს.
თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის შარაშენიძის მიერ 12 დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.
კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:
_ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ბრძანება გამოაქვეყნა, მოთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კიღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, რასაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე შარაშენიძესთან საუბარი ჰქონდა:
“ვინაიდან საკითხმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, მქონდა საუბარი მერთან, ბატონ კოტე შარაშენიძესთან შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალბატონ ნატალია ხომერიკს უკავშირდება.
მივესალმები, თუ ამ ეტაპზე, ქალაქის მერი სწორედ ნატალია ხომერიკთან შეხვედრისა და შეთანხმების შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას», _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ «გურია ნიუსთან» საუბრისას 15 დეკემბერს.
თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადყო, თალაკვაძის საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო _ 20 დეკემბერს შარაშენიძემ ახალი, #94 ბრძანება გამოსცა, რომელშიც წერია: “ბათილად იქნას ცნობილი ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის #42 და ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2-ე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებები”.
შარაშენიძეს ამ ბრძანებაში ბათილობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იმავე დღეს კიდევ ერთი _ #95 ბრძანება გამოსცა, რომელიც #40 ბრძანების ბათილად ცნობას ეხება და რომელშიც აღნიშნულია, რომ ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანებისას გამოყენებული იქნება ელექტრონული სისტემა, სადაც “დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა”
ეს “არსებითი შეცდომა” შარაშენიძეს არც ამ დოკუმენტში განუმარტავს, სასამართლოს კი, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ “აუხსნა”, რომ “მომზადებული ბრძანების პროექტის “უარყოფის” ნაცვლად გამოყენებული იქნა “ხელმოწერის” ღილაკი”.
ჩვენი მკითხველი ძალიან რომ არ დავღალოთ და კონკრეტული შესაგებლის, იურისტების განმარტებით, კურიოზად ქცეული დეტალებით არ შევაწუხოთ, მით უმეტეს, რომ წინ სასამართლო პროცესია, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (edocument.ge) დოკუმენტი რამდენი პროცედურას გადის და საქმე მხოლოდ ღილაკების დაჭერა/არ დაჭერაზე არაა.
ამ კონკრეტული შემთხვევაში დანიშვნის ბრძანების დოკუმენტი მომზადდა იურიდიული სამსახურის მიერ და, როგორც ცნობილია, ბრძანების ტექსტი მერთან შეთანხმების გარეშე არ იწერება. სწორედ ეს შეთანხმებული დოკუმენტი (სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანება) ამის შემდეგ სისტემაში ატვირთა ლაშა თავაძემ და ხელმოსაწერად გაუგზავნა კონსტანტინე შარაშენიძეს.
სისტემის რამდენიმე ღილაკი მთავარ პანელზეა და მისი წაკითხვა საკმაოდ იოლია. ასევე, უარყოფის და თანხმობის ღილაკები სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც _ როდესაც მერი დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობას იძლევა, შესაბამის გრაფაში დასტურის შესახებ სიტყვიერ ჩანაწერსაც აკეთებს. ერთი სიტყვით, იმის თქმა, რომ ბრძანების დაწერისას შარაშენიძეს ღილაკები აერია და შეეშალა (რომელიც მერს ბრძანების დაწერიდან 8 დღის შემდეგ გაახსენდა), იურისტების შეფასებით უფრო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.
თუმცა, ფანტასტიკის მიღმა სამართალმცოდნეები, მას შემდეგ რაც შარაშენიძის მიერ ხომერიკის დანიშვნა/გადანიშვნა/ბათილობის ბრძანებებს გაეცნენ, ერთხმად ამბობენ, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას.
უფრო მეტიც, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “მერის აღიარება, შესაძლოა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს”:
“ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა შეიძლება, თუკი მისი მომზადებისას ან გამოცემისას დარღვეულია კანონი ან არსებითად დარღვეულია მომზადების წესი.
ეს უკანასკნელი, როგორც წესი, კოლეგიურ ორგანოზე ვრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ბათილად ცნობის ბრძანებებით მერი თვითონვე ადასტურებს, რომ წინა ბრძანებების გამოცემისას დაირღვა კანონი _ მან გააფორმა კანონის დარღვევა.
ეს კი ნიშნავს რომ საკითხი _ მერის აღიარება, შესაძლოა, გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, კანონდარღვევისას ადგილი ხომ არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ან სხვა სისხლის სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ გადაცდომას.
გამოსცე ბრძანება, ორ დღეში ძალადაკარგულად გამოაცხადო და ორ დღეში ორივე ბათილად სცნო _ ეს სამართლებრივად ნონსენსია, არაკომპეტენტურობის საუკეთესო ნიმუშია.
ბათილად ცნობა შესაძლებელია მხოლოდ ძალაში მყოფი აქტისა, ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ თავდაპირველმა აქტმა ძალა დაკარგა, სამართლებრივად და ფაქტობრივად არ არსებობს და თუ ასეა რა სცნო ბათილად მერმა? ადვილად დასანახია სამართლებრივი აბსურდი და არაკომპეტენტურობა”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
და კიდევ ერთი დეტალი _ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოზურგეთის მერმა მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური უფროსის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა სახალხო დამცველის დედამ ქეთევან მოსახლიშვილმაც მიიღო.
მაშინ ნატალია ხომერიკი ამბობდა, რომ “როცა ასეთ დროს ომბუდსმენის დედა კონკურსში მონაწილეობს, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება”:
“ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. ეს ბევრმა იურისტმა დაადასტურა _ მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. საქმე სასამართლოშია და ველოდებით პროცესის ჩანიშვნას. ამ თემაზე ბევრი დაიწერა, ითქვა და ასეთ დროს ვიგებ, რომ გამოცხადებულ კონკურსზე (სხვათა შორის, სასამართლოს მე ამ კონკურსის შეჩერებაც ვთხოვ, რადგან ვფიქრობ, რომ ესეც უკანონოა) განაცხადი, სხვა პირებთან ერთად, შეაქვს სახალხო დამცველის დედას.
შეიძლება ვინმემ თქვას _ დედაა და რა შუაშიაო, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ასეთ საკითხებს უნდა სწავლობდეს, ჩემს უფლებებს იცავდეს და როცა ასეთ დროს ომბუდსმენის დედა კონკურსში მონაწილეობს, ბუნებრივია, კითხვები ბევრი მაქვს. ვის ვესაუბრო სამართლიანობაზე ასეთ დროს?!” _ აღნიშნავდა ხომერიკი “გურია ნიუსთან” საუბრისას 2018 წლის 22 მარტს,
იმავე დღეს ჩვენ კომენტარი ქეთევან მოსახლიშვილს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც ვთხოვეთ.
“გამოცხადდა ოფიციალური კონკურსი და მივიღე მონაწილეობა. მე ნატალია ხომერიკს არ ვიცნობ. “გურია ნიუსის” საშუალებით ვიცოდი, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ეს პროცესი დასრულებული მეგონა, რადგან საჯარო სამსახურის გვერდზე გამოცხადდა კონკურსი.
ყველა კონკურსს ვადევნებ თვალს, რადგან ძალიან მინდა ოზურგეთში დაბრუნება. ყველაფერი კანონის შესაბამისად გავაკეთე და არ მესმის რატომ გახდა ეს პრობლემა. მე ჩემი კარიერა მქონდა მანამდე, სანამ ჩემი შვილი სახალხო დამცველი გახდებოდა. არასდროს უკანონო არაფერი გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ახლაც, არაფერია უკანონო. თუმცა, თუ ამის გამო რაიმე პრობლემა ექმნება ნინოს, დამერწმუნეთ, ნამდვილად არ დავაყენებ არც ერთ თანამდებობას ჩემს შვილზე წინ”, _ გვითხრა ქეთევან მოსახლიშვილმა.
კონკურსის კანონიერებაზე გააკეთა აქცენტი ნინო ლომჯარიამაც და აღნიშნა, რომ დედამისის კონკურსში მონაწილეობის მასთან დაკავშირება არასწორი იყო:
“მე რა შუაში ვარ? დედაჩემის კარიერა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. დედაჩემი იყო რესურსცენტრის თავმჯდომარეობის კანდიდატი ყველაზე მაღალი ქულებით და დირექტორობის კანდიდატი ყველაზე მაღალი ქულებით. დღეს, თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლაში მუშაობს.
დედაჩემის პროფესიული რეპუტაცია არც დაწყებულა ჩემით და არასწორი მგონია ამის ჩემთან დაკავშირება ამ ყველაფრის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ _ თუ მაინცდამაინც დედაჩემზეა პრობლემა, არც დედაჩემი გახდება პრობლემა. ამის პირობას გაძლევთ”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ლომჯარიამ, რომელსაც, მისივე თქმით, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
უფრო მეტიც _ როგორც გაირკვა, სახალხო დამცველის გურიის ოფისი იმ ადამიანების საქმეებს საერთოდ არ სწავლობდა, რომლებმაც ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს და რომლებიც თავს უკანონოდ გათავისუფლებულებად მიიჩნევენ.
არადა, ასეთი ადამიანების რიცხვი, ჩვენი ინფორმაციით, 20-ს აღემატება. ერთ-ერთი კი, როგორც აღვნიშნეთ ნატალია ხომერიკია, რომლის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა მხოლოდ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული იმ სტატიის შემდეგ დაიწყო, რომელიც ლომჯარიას დედის კონკურსში მონაწილეობას ეხებოდა და რომელიც, ხალხის მთავარი დამცველის თქმით, პრობლემა არ გახდებოდა. თუმცა, ასე არ ფიქრობს ნატალია ხომერიკი, რადგან, მიუხედავად ლომჯარიას განცხადებისა, მოსახლიშვილმა გასაუბრება უკვე გაიარა და როგორც ამბობენ, მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა წინასწარ არის გადაწყვეტილი.
სახალხო დამცველის აპარატი კი ხომერიკის საქმეს ისევ სწავლობს, დასკვნა ჯერ არ მომზადებულა. ამ დრომდე არც სასამართლო პროცესის თარიღია ჩანიშნული, თუმცა, როგორც გვითხრეს, ამ სკანდალური საქმის განხილვა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ამ თვეში უნდა დაიწყოს.