ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიცია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნას აპროტესტებს.
მოვლენათა ეპიცენტრი ერევნის ცენტრალური მოედანია, სადაც მომიტინგეები, სამართალდამცველები და სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ოპოზციის მომხრეთა ერთი ნაწილი პარლამენტის შენობისკენ მიემართება.
12:00 საათზე პარლამენტში სხდომაა დაგეგმილი, სადაც პრემიერის თანამდებობაზე სერჟ სარქსიანი უნდა დაამტკიცონ. სარქსიანი ორი ვადით უკვე იყო ქვეყნის პრეზიდენტი, მოსახლეობა სწორედ ამას აპროტესტებს.
სესიის დაწყებისას, აქციის მონაწილეები ბაგრამიანის მოედანზე მივლენ, სადაც მდებარეობს პარლამენტის შენობა და სწორედ იქ იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.
პარლამენტთან მისასვლელი გზები უკვე გადაკეტილია, თუმცა ოპოზიციას უკვე აქვს საპროტესტო სივრცე შემოსაზღვრული.
გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა დღესაც გამოიყენოს.