საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილისა და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრა დღეს იგეგმება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ორი დღის წინ განაცხადა.
„იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“, მინდა, მივესალმო მინისტრ კახა კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა 17 აპრილს, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეწყალების კომისიის საკითხებზე პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.