პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა. დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეეძლება მისი განთავსებისა და დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
დაუშვებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირის მიერ დაწესებულებაში შესვლისას თამბაქოს ნაწარმის შეტანა.
დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან შეხვედრაზე მყოფი პირის მიერ შეხვედრის ადგილზე თამბაქოს მოხმარება, გარდა ხანგრძლივი პაემნის ოთახისა. თუ ხანგრძლივ პაემანზე მყოფი ერთ-ერთი პირი არამწეველია, მეორე პირის მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ არამწეველი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასევე, დაწესებულების მოსამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შესაძლოა, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
თამბაქოს მოხმარების ახალი წესი 1 მაისიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა იზღუდება გარე სივრცეებშიც, იკრძალება თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.