ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველის იმ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებების არასრულფასოვან დაცვაზეა საუბარი. როგორც კილაძე აცხადებს, სასამართლო სისტემა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაჯანსაღებულია, თუმცა, მეტ დახვეწას საჭიროებს.
,,ის, რომ სასამართლოს კუთხით ჩვენთან, მნიშვნელოვანი წინსვლა არის და ეს აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მაგალითად, “ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ დააფიქსირა სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორები სწორედ ამას უსვამენ ხაზს. თუმცა, ბუნებრივია, რეფორმის პროცესი არ არის დასრულებული და საჭიროებს შემდგომ დახვეწას. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ არის გადატვირთულობის პრობლემა სასამართლოში, რაც იწვევს რიგ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებების გაჭიანურებას, რაც არის იმ მიზეზით გამოწვეული, რომ მოსამართლეების არასაკმარისი რაოდენობაა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იმ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ მეტი მოსამართლე დაემატოს და სწრაფად დასრულდეს საქმეები. არის გამოწვევები სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, შსს-მ დაანონსა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა და ეს დეპარტამენტი წარმატებით აგრძელებს მუშაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომელიც ნამდვილად იყო შს სამინისტროში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ, საერთო ჯამში, ცუდი მდგომარეობა არის. პირიქით, საერთო ჯამში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ და იმავე სამართალდამცველების მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული გამოწვევები და ამ გამოწვევების იდენტიფიცირებას ვახდენთ. ჩვენი ერთ-ერთი დამხმარე მექანიზმი არის სახალხო დამცველის ანგარიში“, _ განაცხადა კილაძემ.