მიხეილ სააკაშვილთან ამსტერდამში გამართული შეხვედრებს გურიის გუბერნიის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი პაატა მანჯგალაძე ესწრებოდა.
_ ბატონო პაატა, თქვენ იმყოფებოდით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან ამსტერდამში შეხვედრაზე, თუ შეგიძლიათ გაგვაცნოთ რა იყო შეხვედრის მიზანი?
_ ამსტერდამში შეხვედრის მიზეზი გახლდათ ქვეყანაში შექმნილი რეალობა, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. მხედველობაში მაქვს რეალური ძალაუფლების ფლობა იმ პირის მიერ, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
_ თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გახდა თქვენი შეხვედრს მიზანი?
_ არა, ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური არჩევნის, ცვლილების შეთავაზება. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე შეიძლება კითხვა გაგიჩნდეს _ რა კავშირშია არაფორმალური მმართველობა იმ პრობლემებთან, რასაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ასეთ მოქალაქეებს მინდა პირდაპირ ვუთხრა, რომ სწორედ არაფორმალური მმართველობიდან მომდინარეობს ის, რომ მთავრობა, მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვა ჩინოვნიკები ორიენტირებული არიან არა იმაზე, რომ ყოველდღიურად გააუმჯობესონ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა, შექმნან სამუშაო ადგილები, არამედ იმაზე, როგორ ასიამოვნონ ივანიშვილს. ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მლიქვნელობა და ფარისევლობა დღეს იქამდე მივიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ღმერთის ტოლა კაცს ეძახიან.
_ბატონო პაატა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე სასაუბროდ, ბუნებრივია, არ შეიკრიბებოდით ამსტერდამში?
_ რა თქმა უნდა, შეხვედრაში მონაწილე პარტიის ლიდერების ინტერესი არ გახლავთ ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ამ პარტიების შეხვედრის მთავარი მიზანი არის, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა რთული ვითარებიდან, როგორ შემოვიდეს პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი სუფთა, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა პრემიებისა და დანამატების მიღებაზე, არამედ გაცნობიერებული ექნება ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. როცა ჩვენ ახლა აქ ვსაუბრობთ, „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები ჩაწყობილი ტენდერების, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან, ბიუჯეტიდან იპარავენ იმ ფულს, რომელიც ხალხს ეკუთვნის და ბუნებრივია, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ეს უნდა შეიცვალოს.
_ მოკლედ რომ გვითხრათ, რას უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და როგორია მისი პოზიცია?
_ მოგეხსენებათ, რომ „ახალი საქართველო“ და მისი ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებისას გამოდიოდა ოპოზიციური ძალების საერთო კანდიდატის გარშემო კონსოლიდირების იდეით. სამწუხაროა, იმ ეტაპზე არ მოხდა ამის გაზიარება, თუმცა, არჩევნებზე დამდგარმა შედეგმა ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის, დიდი ოდენობის შავი ფულის და სხვა მანიპულაციების ფონზე დაქსასულ ოპოზიციას არ შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას. შესაბამისად, ამ პროცესს შემოუერთდა უამრავი პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“. მიხეილ სააკაშვილ, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ აუცილებელი გახდა პარტიის ლიდერების ამსტერდამში ჩასვლა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია და მან ეს ყველაფერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პირადად გააჟღერა, როცა ყურადღება გაამახვილა შემდეგ ძირითად საკითხზე: გაერთიანება არ გახლავთ კონკრეტული პიროვნების გარშემო და კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ მიმართული გაერთიანება. მას სურს, რომ შესაძლებლობა გაუხსნას ახალგაზრდა, ნიჭიერ, შრომისმოყვარე ადამიანებს. ის არ იბრძვის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის და უნდა, რომ თავისი გამოცდილებით დადებითი როლი შეიტანოს ქვეყნის განვითარების პროცესში.
_მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იყო თუ არა საუბარი პრეზიდენტობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე ?
_ რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა, კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა. იყო ზოგადი განხილვა, დაახლოებით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. ჩვენი ანუ „ახალი საქართველოს“ პოზიცია იყო, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს განახლებასთან, ახალ იდეებთან და გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებული პირი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ გარკვეული პარტიების მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის ნდობის მოპოვებას.