პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გუშინ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ძაბირაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არამომგებიანი გზა აირჩია, როცა პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, მარგველაშვილის რიგით მეხუთე გამოსვლა გაწონასწორებული და კონსტრუქციული იყო.
,,პრეზიდენტის გამოსვლა იყო საკმაოდ გაწონასწორებული და მოცულობითი, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო შორს წასვლა და დეტალიზაცია იმ თემების, რომლებზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა, რა შინაარსის ტექსტით წარსდგებოდა დეპუტატების წინაშე მისი გადასაწყვეტი იყო. ვფიქრობ, მშვენიერი, კონსტრუქციული, დაბალანსებული და გაწონასწორებული გამოსვლა ჰქონდა მას, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, ველოდებოდი, რომ უფრო კრიტიკული და მძაფრი იქნებოდა მისი გამოსვლა. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, თუ როგორი იყო დებატების პროცედურა და აძლევდა თუ არა ეს ფორმატი ხელს. მინდა გითხრათ, რომ ამ მოცემულობის პოლიტიკური მხარე არსებობს, სურვილის შემთხვევაში, მისთვის რეპლიკის გაკეთების საშუალება მაინც უნდა მიეცათ, ისე, რომ რეგლამენტი არ დარღვეულიყო. საბოლოო ჯამში, გიორგი მარგველაშვილმა არამომგებიანი ნაბიჯი გადადგა, როცა პარლამენტი დატოვა. ისეთი გამოსვლის შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა, წამგებიანი იყოს ის დემარში, რომელიც განახორციელა“, _ განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტის დებატებში ჩართვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.