თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე, რომლის შესახებაც „გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
ამის შესახებ „გურია ნიუსმა“ მას შემდეგ შეიტყო, რაც მაჩაიძესთან დაკავშირება ტელეფონით სცადა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
„გურია ნიუსს“ საავადმყოფოს პალატაში მაჩაიძის გვერდით მყოფი მეგობარი, გიორგი ლილუაშვილი გაესაუბრა.
როგორც ლილუაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, ამ დროის განმავლობაში მაჩაიძესთან შესახვედრად არცერთი ოფიციალური პირი და არც სახალხო დამცველი არ მისულა. თუმცა, სახალხო დამცველის ოფისიდან შიმშილობის მე-7 დღეს მაჩაიძეს დაუკავშირდნენ და განცხადების დასაწერად ოფისში დაიბარეს.
„თითქმის 2-კვირიანი შიმშილობის განმავლობაში, მასთან გასასაუბრებლად არავინ მისულა. პირიქით, შიმშილობის მე-7 დღეს მერიაში დაიბარეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელიც კი არ მისულა. დაურეკეს და შესთავაზეს, რომ ოფისში მისულიყო და განცხადება დაეწერა. ოფიციალური შეხვედრა, რომ ეკითხათ, რა ხდება არავისთან შემდგარა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ გუშინ საღამოს ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო გულთან დაკავშირებით და სტენდირება ჩაუტარდა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში წევს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, _ ამბობს ლილუაშვილი.
მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, 67 წლის მაჩაიძე საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მჯდომარე აქციის გაგრძელებას ისევ აპირებს. ამის შესახებ ის ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გიორგი ლილუაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
„ბრძოლის გაგრძელებას მაინც ვაპირებ. გამოვალ თუ არა საავადმყოფოდან გავაგრძელებ მჯდომარე აქციას. ეს არის სამართლის პოვნის ერთ-ერთი მეთოდი, სხვას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუ კიდევ დამრჩენია სიცოცხლის დღეები, მადლობას იმით გადავიხდი, რომ ვიცხოვრებ ადამიანურად, კაცურად, პატიოსნად“, _ ამბობს გოჩა მაჩაიძე და ნოტარიუსს, რომელმაც წლების წინ „მევახშე კომპანიასთან“ დააკავშირა, თავისი ძმის მოტყუებაშიც ადანაშაულებს.
„სხვათაშორის ჩემს ძმასაც მიაყენეს ფინანსური ზიანი. დადის სასამართლო პროცესებზე, მაგრამ ჯერ ხმა არ ამოუღია. ჩემს ძმას აქვს ხელშეკრულება, რომელზეც არის გინტურის ხელმოწერა, არადა ჩემს ძმას გინტური თვალით არ უნახავს. საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ“,_ამბობს მაჩაიძე.
შეგახსენებთ, რომ გოჩა მაჩაიძემ 2011 წელს, საბურთალოზე, მიროტაძის ქუჩის #13-ში მრავალსართულიანი კორპუსის აშენება დაიწყო. პირადი სახსრების უქონლობის გამო, დახმარება ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სთხოვა, მაგრამ გარიგებიდან ძალიან მალე კომპანიასა და მას შორის დაპირისპირება დაიწყო. საქმე კი სასამართლომდე მივიდა.
საქმის განხილვა, რომელიც საქალაქო სასამართლოში 3 წელია გრძელდება, 16 მაისისთვის, მაჩაიძის თქმით, სრულიად უმიზეზოდ გადაიდო.