ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წლის იანვარში დაიწყო. აქ, თითქმის საუკუნეს მიახლოებული ძველი, ავარიული შენობის დანგრევის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ახალი სკოლის აშენების შესახებ, სოფელი სიხარულით შეხვდა.
სკოლის ჭიშკართან გამოკრულ ბანერზე მოთავსებული წარწერა მიგვანიშნებს, რომ მშენებლობას აწარმოებს შპს “კაპიტოლკონსტრაქშენი”. დამკვეთი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოა და მშენებლობის ვადაა _ 01.2016 _02.2018.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭანიეთში ახლა გზის კაპიტალური რეაბილიტაციაც ხდება. ეს მისასალმებელია, თუმცა, არსებობს რიგი მწვავე პრობლემებისა, რაც სოფლისთვის ამ მართლაც საუკუნის მშენებლობებს აედევნა და აქ მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად, ჯერჯერობით, კვლავ მოუგვარებლად რჩება.
დავიწყოთ იმით, რომ სკოლის მშენებლობა ამა წლის თებერვალში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, ჯერჯერობით, პროცესი დასრულებული არ არის. მშენებელთა და სოფლის მოსახლეობის მცხოვრებთა მოლოდინი, რომ მომდევნო ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლაში დაიწყება, იმედია, რეალობა უნდა იქნეს, თუმცა კითხვის ნიშნები მაინც რჩება.
დღეისთვის აქ, სკოლის თითქმის დასრულებული შენობისთვის მინის ფასადის სრული შეცვლა ხდება. საქმე იმაშია, რომ სკოლის შემინული ნაწილი, ფანჯრები, ლიფტის ფასადი თუ სხვა დანარჩენი, გარე და შიდა ინტერიერის საკმაო ფართს მოიცავს. მინა კი, რომელიც აქ თვეების წინ ჩაისვა, დაბალი ხარისხის აღმოჩნდა, რომლის ჩატეხვის შემთხვევაში, შესაძლო, ტრაგედია დატრიალებულიყო.
_ კიდევ კარგი, რომ მაქსიმალურ ყურადღებას იჩენენ ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროები. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან როცა შემოწმებაზე მოვიდნენ და მინის ხარისხი ნახეს, გადაირივნენ. ესროლა ადამიანმა კენჭი მინას და ჩაიმსხვრა. სასწრაფოდ ბრძანეს მინის შეცვლა. თუმცა, მანამდე, კომპანიას, რომელიც მშენებლობას აწარმოებს, არ უნდა ცოდნოდა, რა ჩასვა ამხელა მინის ფასადების სახით? აქ მესამედი ნაწილი მაინც შემინულია. რომ არა ეს კონტროლი, ხომ გარდაუვალი იქნებოდა ტრაგედია? იქ, სადაც ბავშვები არიან, მინის ჩამსხვრევაც ადვილი მოსალოდნელია. შენობის მინის ფასადი მყიფე შუშის რომ არ უნდა იყოს, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა არ უნდა იცოდეს?! ამდენი ზარალი ვის კისერზეა? ახლა უნდა შეიცვალოს მთლიანად ყველა შუშა, რაც შენობის ფასადზე თუ ინტერიერშია. როგორც ვიცით, მოიტანეს კიდეც, მაგრამ ზარალი? ვინ იგებს ტენდერს, ვის ხელშია ეს რესურსები. ელემენტარული წესების ცოდნა არ უნდა მოეთხოვებოდეს, ვინც სამშენებლო საქმეს საკუთარ პროფესიად აქცევს?! ადვილი მისახვედრია, ვიღაცას უხარისხო მინის ხარისხიანად “გაპრავება” სურდა, თუმცა, არ გაუვიდა, _ ამბობენ ადგილობრივები და მადლიერებას გამოთქვამენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოჩენილი ყურადღებისთვის, თუმცა, აქცენტი გადააქვთ არანაკლებ მტკივნეულ პრობლემაზე, რაც სკოლის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.
მართალია, სკოლა ძველი შენობის ადგილზე შენდება, თუმცა, ახალი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, აუცილებელი გახდა ტონობით მიწის მასის აღება. წესით, აღებული მასა რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უნდა გატანილიყო, მაგრამ ის, ორასიოდე მეტრის მოშორებით, სოფლის ცენტრალურ ადგილზე მდებარე, კომუნისტური წყობილების დროს აშენებული, ყოფილი აბანოს ეზოში დაყარეს.
_ ვის მოაფიქრდა ასეთი სისულელე? სკოლის მშენებლობა დიდებული საქმეა, მაგრამ გველ-ბაყაყების საბუდარსაც გვიშენებენ? ჩემი სახლის გვერდით მდებარე მინდორზეც დაიწყეს მიწის დაყრა.
აქ ადრე სოფლის მაღაზია იყო. მანქანებს წინ გადავუდექი და მერე გამეცალნენ. როგორი სანახავია სოფლის ცენტრში ახალი სკოლა და ასიოდე მეტრში ქვეწარმავლების საბუდარი?! ეს ადგილზე უნდა ნახონ სამინისტროების წარმომადგენლებმა და როგორც უხარისხო შუშისთვის ატეხეს განგაში, ამ შემთხვევაშიც ასე უნდა მოიქცნენ. ამ საქმეს მძიმე ტექნიკა და რამდენიმედღიანი მუშაობა სჭირდება. ვინმე იტყვის, აქ სამინისტრო რა შუაშიაო, მაგრამ ადგილზე საუბრით და პროტესტით დღემდე არაფერი მოგვარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს და აქციას მოაწყობს. იცოდნენ ეს! რამდენი ხანია, ამას ვითხოვთ და მხოლოდ დაპირებად რჩება ყველაფერი, _ გვეუბნება ჭანიეთის მკვიდრი დალი ლომჯარია.
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი ემზარ მახარაძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება ნაწილობრივ მოხდა. მისი თქმით, “უხარისხო მინის ნაცვლად შემოტანილია ახალი, ლამინირებული მინა, რომლის ჩასმაც ახლა ხდება. მიწის ზვინულებს რაც შეეხება, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ესეც მოსწორდება და პრობლემა მოგვარდება”. თუმცა, კითხვაზე, რატომ არ გასწორდა გატანილი მასა დაყრისთანავე, ამბობს, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს: “ახლა საჭესთან ვზივარ და ვერ გიპასუხებთ”, _ გვითხრა სამშენებლო საქმეთა მწარმოებელმა.
კითხვაზე _ რატომ აქვთ აქ მომუშავე ადამიანებს სამი თვის ხელფასი მიუღებელი, მახარაძე გვპასუხობს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს:
“არაა ეს სიმართლე. ყველაფერზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. რამდენიმეს არ აქვს ორი თვის ხელფასი მიღებული და მიიღებენ”, _ გვითხრა მან.
“გურია ნიუსი”, ასევე, ესაუბრა ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსს, ლელა იმედაშვილს:
_ ამ საქმეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს. რაც შეეხება სამშენებლო ხარისხს თუ ნარჩენების ან მიწის გროვის გატანას, ეს ჩემი კომპეტენცია არ რის. თუმცა, არ მგონია, მოუგვარებელი დარჩეს. ამის შესახებ ვიკითხავ და დაგეხმარებით (?!). რაც მთავარია, გეტყვით, რომ ხარვეზით არაფერს ჩავიბარებთ. უმჯობესია, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელს კითხოთ, _ გვითხრა მან.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თამუნა ზვიადაური “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ მე შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა თვენახევარში დასრულდება. კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობს, აუცილებლად უზრუნველყოფს სამშენებლო ნარჩენების თუ აღნიშნული მიწის მასის გატანას. მოწესრიგდება ყველაფერი, რაც აღნიშნულ მშენებლობას უკავშირდება.