ლანჩხუთელი მოჭადრაკეები, რომელთაც შენობის პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც 2016 წელს სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, ჭადრაკის სახლს ხანძარი გაუჩნდა და ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა საგრძნობლად დააზიანა, მალე ახალ შენობაში დაიდებენ ბინას. ახლა კი საკუთარი ჭერის გარეშე დარჩენილი მოჭადრაკეები საცურაო აუზის შენობაში არიან დაბინავებულები, სადაც, ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციაცაა განთავსებული.
ლანჩხუთის საკრებულოს ბიურომ უკვე მოიწონა საკითხი, რომლითაც ლანჩხუთში საჭადრაკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის ღირებულება 86 416 ლარს შეადგენს და იგი რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
როგორც ირკვევა, ზემოთ ნახსენები 86 416 ლარი, ქალაქის ცენტრში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი უსახური შენობის რეაბილიტაციას მოხმარდება, სადაც წლების წინ მეთესლეობის ინსპექცია იყო განთავსებული, შემდეგ კი შენობა სარგებლობის უფლებით სატყეო სააგენტოს ჰქონდა მიკუთვნებული.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის ინფორმაციით, სწორედ ამ შენობაში იგეგმება საჭადრაკო სახლის განთავსება.
ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე კი იყო საუბარი, რომ მოჭადრაკეებს საჭირო ფართს ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში გამოუყოფდნენ, რომლის მშენებლობის საკითხიც, წლებია, აქტუალური თემაა.
ჯერ კიდევ 2007 წელს, საცურაო აუზის გახსნაზე ჩამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა დარბაზის აღდგენის თემა და იმავე წლის ბოლოს შესაბამისი რეაბილიტაციის პროექტიც გაკეთდა, რომელიც მილიონ 600 ათას ლარად იყო შეფასებული. თუმცა, რეალურად მისი გახორციელება დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სპორტული დარბაზის თემა კვლავ აქტუალური გახდა. იყო გარკვეული იმედები, რომ დარბაზის მშენებლობა 2014 წლისთვის დაწყებულიყო, თუმცა, დანაპირები ვერ შესრულდა. მშენებლობა ვერც 2015 და ვერც შემდგომ წლებში დაიწყო, არადა, წინა მოწვევის საკრებულოს, ლამის, ყოველ კვარტალში უწევდა პროექტის მოწონება.
2016 წელს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა კიდეც ტენდერი ლანჩხუთის სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. მთლიანობაში შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 1 000 000 ლარს შეადგენდა და იგი გარდამავალი იქნებოდა.
როგორც ჩანს, სპორტული დარბაზის მშენებლობის დაწყების ბედი ამ ეტაპზეც გაურკვეველია. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ გვითხრა, კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან, ჯერჯერობით, არ არსებობს. არადა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით კომენტარისას, მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დააანონსა, რომ მას ამასთან დაკავშირებით შეხვედრები ჰქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და დარბაზის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყებოდა.