როგორც გასულ წელს, წელსაც ხელისუფლების მთავარ გამოწვევად რჩება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. დიდი თუ პატარა მწერის განადგურებით არის დაკავებული, მაგრამ საქმე ბოლომდე არ არის მისული.
მაგალითად, 28 მაისს სოფელ შემოქმედში შეწამვლითი ღონისძიება ჩატარდა. შეწამვლა და მოსახლეობის გაფრთხილება, ფაქტობრივად, ერთად მოხდა. მწერთან ბრძოლას რამდენიმე ადგილას ფუტკარი შეეწირა.
“ფუტკარმა ვერ გაუძლო შეწამვლას, რაც გადარჩა გაბრუებულია“, _ გვითხრეს სოფელ შემოქმედში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს დროულ მიეწოდება ინფორმაცია, თუ როდის მოხდება შეწამვლა.
“რაც შეეხება ფუტკრებს, სადაც სკებია, იქ უნდა შეიწამლოს საღამოს საათებში. ჩვენთან ფუტკრის განადგურების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის ერთ-ერთი მცხოვრები საავადმყოფოში მიიყვანეს, როგორც თავად პაციენტი ამბობდა, ეს უკავშირდებოდა შეწამვლას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავადმყოფობასთან შეწამვლითი ღონისძიებები არაფერ შუაში იყო _ პაციენტს წნევა ჰქონდა“, – გვითხა ნინი შეწირულმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მაისის დასაწყისში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან, გურიის გუბერნატორთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად ახორციელებდა საინფორმაციო შეხვედრებს და ქალაქსა და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა თანაშემწეების საშუალებით მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 7 ერთეული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის ტექნიკა უკვე 11 მაისიდან მუშაობს.
იწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სოფლების ტერიტორიები, სიმინდის ფართობები.
სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩასატარებლად”, _ აღნიშნეს პრესსამსახურში.