არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, რომელიც თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ეხმაურება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი მოთხოვნა არაეთიკურია.
იგი ამბობს, რომ წულუკიანი კომპეტენტური, პრინციპული და უაღრესად პატიოსანი მინისტრია.
“პროკურატურასთან დაკავშირებით მინისტრის განცხადება იმას არანაირად არ უნდა განაპირობებდეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ და გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა დაიკავონ, რაშიც არაერთხელ არიან შემჩნეული.
ამ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები არაკორექტულები, არაეთიკურები არიან და ასეთი განცხადებებით პროფესიულ ვალდებულებებსაც სერიოზულად არღვევენ“,- თქვა დეპუტატმა.
სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.