მმართველ გუნდის წევრი, დავით ჭიჭინაძე გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას, სახელწოდებით _ ,,ნუ მომკლავ“ ,,გურია ნიუსთან“ აფასებს. როგორც ჭიჭინაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ზაზა სარალიძეს თუ სამართლიანობის აღდგენა უნდა, ხელისუფლებასთან უნდა გააგრძელოს საუბარი. რაც შეეხება, სარალიძის მოწოდებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აქციაზე მის გვერდით დამდგარიყვნენ, ჭიჭინაძე აცხადებს, აბსურდია სამართლიანობის მოთხოვნით დადგე ისეთი პარტიის გვერდით, როგორიც ,,ნაციონალური მოძრაობაა“.
,,თავდაპირველად ზაზა სარალიძეს სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა და გუშინ, რუსთაველის გამზირზე რაც ხდებოდა, აქციას ვერ დავარქმევ. სარალიძეს ვურჩევდი, რომ ისევ ხელისუფლებასთან გააგრძელოს საუბარი, რადგან ხელისუფლება ყველაფერს ითვალისწინებს და მაქსიმალურად მუშაობს სამართლიანობის აღსადგენად. რაც შეეხება სარალიძის მოწოდებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აქციაზე მის გვერდით დავმდგარიყავით, როგორ შეიძლება აქციაზე იმყოფებოდე ,,ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. როდესაც საპარლამენტო კომისია შევქმენით, უმცირესობას მივეცით უფლება კომისიაში შესულიყვნენ უმრავლესობით, რაც ,,ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამასთან, ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ მოუსვლელში გაგვეშვა, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ვაფასებ სარალიძეს, რადგან ეს ადამიანი სამართლიანობისთვის იბრძვის, მაგრამ ცოტა ხანში თავად მიხვდება, როგორ ცდილობენ მის გამოყენებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები“, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.