ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ მსჯელობა დაიწყო.
სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტში 4 მინისტრი შეიცვლება, მთავრობას კი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. ამას მმართველი გუნდის წევრები “იმედთან” საუბარში უკვე ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის გუნდში აღარ იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე და მას, სავარაუდოდ, დავით ზალკალიანი ჩაანაცვლებს. ზალკალიანთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე თავად ზალკალიანი ამას არ ადასტურებს.
სავარაუდოდ, ასევე შეიცვლება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელსაც შალვა თადუმაძე ჩაანაცვლებს.
განახლებულ მინისტრთა კაბინეთში, არსებული ინფორმაციით, აღარ იქნებიან ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. მათი შემცვლელების ვინაობა ჯერ უცნობია.
თავად მამუკა ბახტაძეს კი, სავარაუდოდ, მისი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეცვლის.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძე არჩევანი გაკეთდა იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ფინანსთა მინისტრის რანგში ატარებს. დეპუტატები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას პრობლემები არ შეექმნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ 13 ივნისს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.