“ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
2018 წლის მაისში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევის თანახმად, მამუკა ბახტაძის შესახებ გამოკითხულთა 55%-ს არაფერი სმენია; მისი მუშაობა დადებითა 9 %-მა შეაფასა; ხოლო 22%-მა თქვა, რომ ფინანსთა მინისტრის მუშაობა არ მოსწონს.
თუმცა, ბახტაძის მუშაობა ძალიან მოსწონს მმართველ გუნდს:
„ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმები არის, რომ მას აქვს მართვის გამოცდილება, მას აქვს ეკონომიკური განათლება, ძალიან კარგად იცნობს საფინანსო ინსტიტუტების მუშაობას და რაც მთავარია, სწორედ მას ეკუთვნის ინიციატივები, რომელიც საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს ეხებათ და უადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას“, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მამუკა ბახტაძე 35 წლისაა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს; INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
2005-2006 წლებში მუშაობდა სს “საქართველოს რკინიგზაში”, პროექტის მენეჯერად; 2007-2008 წლებში იყო სასტუმროების ქსელ “რჩეულის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2010-2012 წლებში _ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი;
2013-2017 წლებში სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა
ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა 2017 წლის 13 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, მისი, როგორც მინისტრის ანაზღაურებამ 11 151 ლარი შეადგინა.
ბოლო დეკლარაცია მან 2018 წლის 31 მარტს შეავსო და დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს მისმა შრომის ანაზღაურებამ 248 816 ლარი შეადგინა. აქედან, ყველა მეტი თანხა საქართველოს რკინიგზის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას მიიღო _ მისმა ანაზღაურებამ 2017 წლის 1 იანვრიდან 12 ნოემბრამდე 184 151 ლარი შეადგინა. პარალელურად ბახტაძე მუშაობდა შპს „ჯიარ ტრანზიტში“, სადაც 37465 ლარის შემოსავალი ჰქონდა და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინი საქართველოში“, სადაც მისი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურებამ 16048,95 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება პირად საკუთრებაში არსებულ ქონებას _ მამუკა ბახტაძე ფლობს 355,05 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩის #14-ში, რომელიც 2016 წელს ჩუქების სახით აქვს მიღებული. ამავე მისამართზე არსებული 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისთვის, ასევე, 2016 წელს უჩუქებიათ.
პრემიერობის კანდიდატს დაკონკრეტებული არ აქვს ვისგან მიიღო საჩუქრად საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
დეკლარაციის შევსები დროს ბახტაძის „თიბისი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 6 ლარი და 2 თეთრი იყო; ამავე ბანკის შემნახველ ანგარიშზე 1 ლარი და 37 თეთრი;
„საქართველოს ბანკის“ სოლო ბართზე 8540,89 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტო ბარათზე 37 თეთრი; „ვი თი ბი“ ბანკის ანგარიშზე კი, დეკლარაციის შევსების დროს, პრემიერობის კანდიდატს 131,04 ლარი ერიცხებოდა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ სახელწმიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს 2012 წლის აგვისტოში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 20 000 ლარი აქვს შენაწირი.
ამ დროს ბახტაძე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ მფლობელობაშია. ეს ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს და რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის“ ეს შემაბრკოლებელი არაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, პრემიერობის კანდიდატს „ანციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღია „
“მე ვერ გეტყვით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. ალბათ გახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის“ ის საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს “ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მახსოვს, “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იმ სქემის ნაწილი იყო, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა“, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.