ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ყიფიანი ,,გურია ნიუსთან“ ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრების სამთავრობო პროგრამებს აფასებს. როგორც ყიფიანი გვეუბნება, კვირიკაშვილისა და ბახტაძის პროგრამები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მისი თქმით, მთავარი პრობლემა რეფორმების აღსრულებაშია. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილი საკმაოდ კარგი კვალიფიკაციის მქონე კადრი იყო, თუმცა ,,ქართულმა ოცნებამ“ მას საშუალება არ მისცა, რომ რეფორმატორი გამხდარიყო.
,,2016 წელს ოთხი მთავარი დაპირება, რაც ,,ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, იყო მცირე მთავრობა, ბიუროკრატიული რეფორმა, საგადასახადო ლიბერალიზაცია, განათლება და სოციალური მიმართულებები, იდეურად კვირიკაშვილისა და ბახტაძის რეფორმა ერთმანეთისგან არ განსხვავდება, ამიტომ ისმის კითხვა, კვირიკაშვილის დროს აღსრულდა ეს რეფორმები? მიმაჩნია, რომ 6 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებაში“ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გუნდი, სადაც მინისტრებს საშუალება ექნებათ ის რეფორმები განახორციელონ, რომლებიც მათ სურთ. რეალურად რომ ავიღოთ კვირიკაშვილის კვალიფიკაცია, ის საკმაოდ ძლიერი კვალიფიკაციის მქონე კადრი იყო, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ,,ქართულ ოცნებაშია“, არის ის, რომ კვირიკაშვილი რეალური რეფორმატორი არ გახადეს და ეჭვი მეპარება, რომ ბახტაძეს მისცემენ ეს თავისუფლება“,_ გვითხრა ყიფიანმა.
ყიფიანი ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ მხრივ ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
,,ბიუროკრატიის მთავარი გამოწვევა, რაზეც არ საუბრობენ, არის გაუმჭვირვალე ხარჯები იმიტომ, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყნის რეიტინგი წლიდან წლამდე უარესდება. საბოლოო ჯამში, ბიუროკრატიაში შეიძლება შეამცირო დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ დაგრჩეს მმართველობის ის ფორმა, სადაც საბიუჯეტო სახსრების ძირითადი ნაწილის ფლანგვა და არასწორი ხარჯვა სახეზე გქონდეს“,_ გვითხრა ყიფიანმა.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაამტკიცეს, რომელსაც ქვეყნის განვითარებისთვის ოთხპუნქტიანი გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნული პროგრამა ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას, ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას, მცირე მთავრობის კონცეფციის შექმნასა და განათლების რეფორმებს ეფუძნება.